19 მაისი 2024,   04:03
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მუსლიმანებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მუსლიმან სასულიერო პირებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყველა რელიგიის წარმომადგენელი ერთად ზრუნავს და შრომობს ქვეყნის მომავლისთვის და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

"საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმანს ვულოცავ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს. სამწუხაროდ, ვირუსის გავრცელების გამო, ვერ აღვნიშნავთ ისე, როგორც ამ დღესასწაულს შეეფერება, მაგრამ იმედია, ასეთი შემთხვევა პირველი და ბოლო იქნება. ჩვენი ქვეყნის სიძლიერე ჩვენს მრავალფეროვნებაშია. ჩვენ ერთად ვაშენებთ ამ ქვეყანას, ერთად ვზრუნავთ და ვშრომობთ ამ ქვეყნის მომავლისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამას ვაკეთებთ ერთად, წარმატებით და ამას გავაგრძელებთ მომავალშიც. მინდა გისურვოთ წარმატება, ჯანმრთელობა და ერთობლივი შრომა ამ ქვეყნის მომავლისთვის, თქვენი თემის მომავლისთვის. უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, გავუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ ერთმანეთის რწმენას და ასე ერთობლივად ავაშენოთ ეს ქვეყანა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სრულიად საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღნიშნა, საქართველოს ყველა მუსლიმანი მოქალაქე გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით და ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის როგორც დემოკრატიული განვითარებისთვის, ისე ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს შექმნისათვის.

"მოხარული ვართ, რომ თქვენი ხელისუფლების პერიოდში ტრადიციად ჩამოყალიბდა სტუმარ-მასპინძლობა, რაც გვახარებს და მეტ მოტივაციას გვაძლევს. ჩვენც არაფერს დავიშურებთ იმისთვის, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებაში. ჩვენ ძალიან დიდი ტრადიციის, ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანა ვართ. საუკუნეების განმავლობაში ამ ქვეყანაში ხელიხელჩაკიდებული ძმურად, ჰარმონიულად ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეთნოსის და აღმსარებლობის ადამიანები  და ყველას საკუთარი წვლილი შეჰქონდა ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში," - განაცხადა ადამ შანთაძემ.

დღის ამბები