"სითი მოლის" ინციდენტის შესახებ "თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "სითი მოლი" აფეთქებას გადაურჩა, რადგან მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებმა მათ საფრთხის შესახებ დროულად შეატყობინეს.
"თბილისი ენერჯის" ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა, რომ ქავთარაძის 1 ნომერში მდებარე სავაჭრო ცენტრში ძლიერი გაზის სუნი იდგა. ადგილზე დროულად მისული თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების ჯგუფებმა ლაზერული აპარატით შემოწმებისას გაზის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო, სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.
"თბილისი ენერჯის" სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით, ობიექტს გაზმომარაგება შეუწყვიტეს.
შენობის საფუძვლიანად დათვალიერებისა და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სავაჭრო ცენტრ "სითი მოლის" შენობაში, ერთ-ერთ სამზარეულოში ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული გაზქურის 8 სანთურა. "სითი მოლი" აფეთქებას გადაურჩა.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
"თბილისი ენერჯი" მადლობას უხდის იმ ადამიანს, ვინც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და შეგვატყობინა საშიშროების შესახებ.
კომპანია ასევე მადლობას უხდის საკუთარ თანამშრომლებს, რომლებმაც უსწრაფესად გაანეიტრალეს საფრთხე და შენობა ძლიერ აფეთქებას გადაარჩინეს. "თბილისი ენერჯი" ყველას მოგიწოდებთ - იყავით ფრთხილად და ყურადღებით. გთხოვთ საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდეთ. მუდამ შეამოწმეთ გაზის დანადგარები რათა თავიდან ავირიდოთ უბედური შემთხვევები, რომელიც სამწუხაროდ ხშირად ადამიანების სიკვდილით მთავრდება,"- აღნიშნულია განცხადებაში.