27 აპრილი 2024,   03:15
ვრცლად
საქართველოში ვაქცინაციის შემდგომი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია განვითარდა.

მისი თქმით, ახალციხეში, იმედის კლინიკაში აცრილი 27 წლის ექთნის მდგომარეობა საყურადღებოა. როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ამ ეტაპზე, უცნობია, თუ რა ტიპის რეაქციაა, თუმცა, ექიმები ვარაუდობენ, რომ პაციენტს ანიფილაქსიური შოკი განუვითარდა. 

"ახალციხეში, იმედის კლინიკაში, რომელიც აწარმოებს აცრებს უკვე 3 დღეა, აცრილი ჰყავს 16 ადამიანი, 12 საათზე და 15 წუთზე აიცრა ჩვენი კოლეგა, 27 წლის ქალბატონი, რომელიც, როგორც ვიცი, სისტემატურად იტარებდა გრიპის აცრას და არ აღნიშნავდა ალერგიულ რეაქციებს. ამ აცრის შემდეგ, ამ ქალბატონმა პირდაპირ ეთერში მისცა ინტერვიუ და ყველას მოუწოდა ვაქცინაციისკენ. 

სამწუხაროდ, 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებელი რეაქცია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული თუ სხვა ტიპის რეაქცია. თუმცა, ექიმებთან წინასწარი საუბრით, გვეუბნებიან, რომ გავდა ანაფილაქსიურ რეაქციას. მას დროულად ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება, მაგრამ არ მოიხსნა რეაქცია და გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა საყურადღებოა,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ამირან გამყრელიძის განცხადებით, დადასტურებელია, რომ კოვიდის საწინააღმდეგო ყველა ვაქცინის შემთხვევაში, გვერდითი რეაქციები უფრო ხშირია. 

"მინდა შეგატყობინოთ პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია ვაქცინაციის პროცესში. მოგეხსენებათ, ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდითი მოქმედებებისგან. ვაქცინებზე მოქმედებს მსუბუქი და სერიოზული გვერდითი მოქმედებები. ყველაზე სერიოზული გვერდითი მოქმედება არის ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია, რომელიც ვითარდება ვაქცინაციიდან 15-30 წუთში, ასევე, შეიძლება მოგვიანებით.

ზოგადად, მიღებულია, რომ ვაქცინაციაზე, საშუალოდ, ანაფილაქსიური რეაქციები ხდება დაახლოებით, მილიონზე 1, ზოგიერთზე შეიძლება იყოს მეტი. ეს რეაქცია შეიძლება წავიდეს მსუბუქად და საკმაოდ მძიმედ, შეიძლება დამთავრდეს ფატალურადაც. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე რეაქცია გახლავთ ანაფილაქსიური შოკი.

არსებობს კითხვები, რომელსაც ექიმი უსვამს ასაცრელ ადამიანს, რომელმაც უნდა გამოავლინოს გვერდითი რეაქციების შესაძლო რისკები.

მოგეხსენებათ, კოვიდის ვაქცინებს, ყველას აქვს გვერდითი მოვლენების მანიფესტაცია. ბევრად უფრო ხშირი, ვიდრე კალენდარულ, ანუ რუტინულ ვაქცინებზე არის. ანუ, ეს ვაქცინები გახლავთ უფრო რეაქტოგენური, ანუ, იძლევიან უფრო ხშირად რეაქციებს, რომელიც ვლინდება ტემპერატურით, თავის, კუნთების ტკივილით და ა.შ. და ასეთი რეაქციები არის 10%-დან 50%-მდე , ანაფილაქსიური რეაქციები შედარებით იშვიათია,"-აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

დღის ამბები