21 დეკემბერი 2024,   19:59
ვრცლად
2008 წლის 7 აგვისტოს ომი, ადამიანების ტრაგიკული ისტორიები და ათასობით უსახელო გმირი

2008 წლის 7 აგვისტო საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული დღეების დასაწყისი იყო.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლით დაწყებული ომი საქართველოს 2 რეგიონის ოკუპაციით და რამდენიმე კვირაში კრემლის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებით დასრულდა.

ათასობით ქართველი კვლავ დევნილი გახდა. ისინი დღემდე იხსენებენ მათ თვალწინ განვითარებულ აგვისტოს იმ 5 დღის ტრაგიკულ მოვლენებს.

სოფიო მურადოვს ჭურვის ნამსხვრევებმა ორივე კიდური ისე დაუზიანა, რომ 7 წლის განმავლობაში 13 ოპერაციის გაკეთება დაჭირდა. საწოლს მიჯაჭვული გაჭირვებას პენსიით ებრძვის. სახელწიფოსგან ჩამორთმეული სოციალურად დაუცველის სტატუსის აღდგენასა და ე.წ. სეთ-თოფ ბოქსის აპარატურის გადაცემას ითხოვს.

სოფიო მურადოვის მსგავსად ამ საცხოვრებელი კორპუსის არაერთი მცხოვრები რუსულმა ჭურვებმა ინვალიდად დატოვა. 15 ადამიანი კი დაბომბვის შემდეგ ადგილზე გარდაიცვალა.

ციცო ვაზაგაშვილს შვილი თვალწინ დაეღუპა. მაია ვაზაგაშვილი მცირეწლოვან შვილს გადაეფარა და სწორედ ამ დროს ჭურვის ნამსხვრევი თავში მოხვდა.

ბავშვების, მოხუცების და დაჭრილების ყველა ისტორია ახსოვთ გორის სასწრაფო დახმარების ბრიგადებს. 7 წლის წინ ომის დღეებში ქალაქი მათ არცერთი დღით არ დაუტოვებიათ. ბრძანებას ევაკუაციის შესახებ, არ შეასრულეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომუშავე ექიმებმა.

რუსეთ - საქართველოს 5 დღიან ომს ათასობით სახელიანი და უსახელო გმირი ჰყავს. ჯარისკაცებს, მოხალისეებს, დევნილებს, ექიმებსა და ჟურნალისტებს კი ომის საკუთარი ისტორია აქვთ.

 

ავტორები: ნინო სამყურაშვილი, ნინო გაბრიჩიძე, ნიკა ლეჟავა, ალექსანდრე ჩივაძე

 
დღის ამბები