13 მაისი 2024,   17:13
ვრცლად
მამუკა მდინარაძე: “შექმნეს ფოკუს-ჯგუფები და მოიფიქრეს – მოდით ყველამ ვილაპარაკოთ ფასებზე“ - რა ინსტრუქციები მიიღეს "ნაცმოძრაობაში" უცხოელი პიარ-კონსულტანტისგან ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ინციატივის გადასაფარად?

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ინიციატივის გადაფარვას სამომხმარებლო ფასების თემატიკით ცდილობს.

მდინარაძის თქმით, შესაბამისი ინსტრუქციები პარტიის წევრებმა უცხოელი პიარ-კონსულტანტის, ჯერემი როზნერისგან მიიღეს.

“ერთი კვირაა, ველოდებით პასუხს, ხალხო, მოგვაწოდეთ თქვენი ვერსიები, როგორ გავმიჯნოთ მკაფიოდ ადამიანის უფლებები, მათ შორის - განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანის უფლებები და ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგები. აი, ეს ორი რამ როგორ გავმიჯნოთ და როგორ ვებრძოლოთ მავნე ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომელსაც ჩვენი პატივცემული ოპონენტების დიდი ნაწილი უწყობს ხელს. ამაზე პასუხი არ მიგვიღია და, თურმე, რა ხდება ამ დროს: პატივცემული როზნერი, რომელიც "ნაცმოძრაობის" სხვადასხვა კლასტერში იძლევა დავალებებს და, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, მისი მითითებით გააკეთეს ფოკუს ჯგუფები – რა არის აქტუალური საკითხიო. მოიფიქრეს, მოდით ყველამ ვილაპარაკოთ ფასებზე, რომ გადავფაროთ ეს ამბავი, რადგან პასუხი არ გვქონდეს გასაცემი. რა შუაშია? სად ლგბტ პროპაგანდა და სად ფასები, რომელიც სხვა თემა და ცალკე პრობლემაა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, პარლამენტის სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საგანგებოდ შექმნილი ბანერებით მივიდნენ, რომელიც მათი თქმით, პროდუქტებზე სამომხმარებლო ფასების ზრდას ასახავს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ამ თემაზე არაერთი განცხადებაც გააკეთეს.

დღის ამბები