12 მაისი 2024,   17:25
ვრცლად
საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა სანდო საფუძველზე დგას და ამ საფუძველს, გარკვეულწილად, ქმნის საგარეო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა - მაკა ბოჭორიშვილი

დღეს ბრიუგეში ევროკავშირის ერთიან საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია დასრულდება. ბოლო, მეოთხე სესია სწორედ ამ საკითხს შეეხება და 2-დღიანი დისკუსიის ერთგვარი შეჯამება იქნება.

"გაფართოების პოლიტიკაში აუცილებელია შევინარჩუნოთ სწრაფი დინამიკა უკრაინის, მოლდოვას, საქართველოს გაწევრიანებისთვის. ასევე, დასავლეთ ბალკანეთისთვის. ეს უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტი და მთავარი გამოწვევა," - აცხადებს პოლონეთის პარლამენტის წევრი ადრეი გრზიბი.

ევროკავშირი იმ არსებულ გამოწვევებზე საუბრობს, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაჩნდა. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ, რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჭიროა თავდაცვის ერთიანი მექანიზმები, გეოსტრატეგიულ იარაღად კი ორგანიზაციის გაფართოება სახელდება.

"კეთილდღეობისთვის, 2023 წელს უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებები გაიხსნა. ევროკავშირის ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს საქართველოსვე კანდიდატის სტატუსის მინიჭება," - განაცხადა ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ დელფინ ფრონკიმ.

ქართულ დელეგაციას გუშინ გამოსვლა სამივე პანელზე ჰქონდა.

"საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა სანდო საფუძველზე დგას და ამ საფუძველს გარკვეულწილად ქმნის საგარეო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. საქართველო, ერთი მხრივ, არის ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ბენეფიციარი. 2008 წლიდან საქართველოში მოქმედებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მადლობელი ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წვლილისთვის მისიის საქმიანობაში. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოში სტაბილურობისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად.

თუმცა, აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირის მისიას არ აქვს წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც ეს მისიის მანდატით არის გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი არის რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მას არ მივცეთ წარმატების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. საქართველო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრა აისახოს ჩვენს მიერთებაში ევროკავშირის განცხადებებთან," - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები