13 მაისი 2024,   23:58
ვრცლად
ოპოზიციის წინასაარჩევნო გეგმები - "ნაციონალური მოძრაობის" ძველი სახეები პრეზენტაციას რამდენიმე დღეში გეგმავენ

ნიკა მელიას საკუთარი პარტია ჯერ კიდევ არ აქვს, თუმცა უკვე აქვს პარტიული ნომერი 4, რომელიც აქამდე ნიკა მაჭუტაძეს ეკუთვნოდა. უფრო ადრე კი პაატა ბურჭულაძეს. თავის დროზე, ცნობილმა ბანმა ამ ნომრით საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა. "სახელმწიფო ხალხისთვის" პარლამენტში მხოლოდ მას შემდეგ მოხვდა, რაც პარტია მაჭუტაძეს ჩაბარდა და "ნაციონალური მოძრაობის" ბლოკში გაწევრიანდა. ამის მიუხედავად, მელიას თანამოაზრეები ახალ საარჩევნო ნომერზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ გეგმებს აწყობენ. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრებს აქვთ ამბიცია, იყონ ე.წ. მესამე ძალა.

"ნაციონალური მოძრაობის" ძველი სახეები პრეზენტაციას რამდენიმე დღეში გეგმავენ - ახალი განაცხადით, ახალი ნომრის ქვეშ, სადაც დიდი ალბათობით გვარამიაც იქნება. მთავარი არხის დამფუძნებელმა პოლიტიკაში დაბრუნება დიდი ხნის წინ დააანონსა, თუმცა შედგება თუ არა ისევ ორი ნიკას პარტიული ერთობა, ეს მალე გაირკვევა.

ყოფილი თავმჯდომარის გეგმები ოპოზიციის გაერთიანებაზე მისი ნომრის გარშემო, არასერიოზულია ხაბეიშვილის გუნდისთვის. მათი პარტნიორი "სტრატეგია აღმაშენებელი" კი დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ ყველა გზა მაინც "ნაციონალურ მოძრაობასთან" მივა.

უმრავლესობას არც ნიკა მელიას ახალი განაცხადის სჯერა და არც იმის, რომ 4 ნომერი არჩევნებში ხუთისგან დამოუკიდებლად იბრძოლებს.

ოპოზიციურ ველზე გადაჯგუფებები რომ ხელოვნურია, ამაში ოპოზიციის ერთი ნაწილიც დარწმუნებულია. "გირჩი" "ნაციონალურ მოძრაობასთან" რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას აიგივებს. მათ შორისაა "ლელოც", სადაც ამტკიცებენ, რომ ხაბეიშვილის პარტია მათთვის წითელი ხაზია.

მმართველი პარტიის შეფასებით, ოპოზიციისთვის მთავარი საარჩევნო ბარიერი პოლიტიკური გულწრფელობაა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" იდეურ კავშირში მყოფი პარტიები ცდილობენ ამომრჩეველი მოატყუონ და ასე მოიპოვონ ე.წ. გადაუწყვეტელი ხმები. თუმცა სახელისუფლებო გუნდი ოპონენტების უპერსპექტივობაში, ისევე როგორც, საკუთარ შანსებში, დარწმუნებულია.

საპარლამენტო არჩევნებამდე 8 თვე და 5 პროცენტიანი ბარიერი რჩება. ვინ როგორ გადაჯგუფდება და რა კონფიგურაციით მიიღებს ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას, ეტაპობრივად გაირკვევა, თუმცა ბოლო კვლევებით ბარიერგადალახულ პოლიტიკურ ძალებს კოალიციის შეკვრა ისევ "ნაციონალურ მოძრაობასთან" მოუწევთ.

დღის ამბები