13 მაისი 2024,   21:09
ვრცლად
ეს უაზრო ვეტოები, უაზრო კანონებზე, რომლებიც არავისთვის არაფერს არ ცვლის, ისრების გადატანაა მნიშვნელოვანი საკითხებიდან, ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე - იაგო ხვიჩია "საარჩევნო ცვლილებებზე" პრეზიდენტის ვეტოზე

ოპოზიცია საქართველოს პარლამენტის მიერ "საარჩევნო კოდექსში" მიღებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებულ ვეტოს ეხმაურება და გადაწყვეტილებას ეთანხმება.

ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის შეფასებით, "საარჩევნო კოდექსში" მიღებულ ცვლილებებზე, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, დიდი კრიტიკა არსებობს და მმართველი გუნდი ცდება, როდესაც აღნიშნული ინიციატივის მიღებას ცდილობს.

"მთელი მსოფლიოს გონიერი ადამიანები ურჩევენ საქართველოს მთავრობას, რომ გადადგან ის ნაბიჯები, რომლებიც ქვეყნისთვის სასარგებლოა და დააჩქარებს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას. ყველა ეწინააღმდეგება "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ ამ კანონს, არ ჰყავს არცერთი მომხრე, არც შიგნით და არც - გარეთ. ამიტომ, ბუნებრივია, თუკი რაღაცები ემთხვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ცდება," - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება "გირჩს", შეფასებებში განსხვავებულია იაგო ხვიჩიას პოზიცია. როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის ვეტო, რეალურად, არაფერს შეცვლის და, საერთოდ, მცდელობაა ისრები ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე გადავიდეს.

"ეს უაზრო ვეტოები, უაზრო კანონებზე, რომლებიც არაფერს არ ცვლის არავისთვის, სწორედ ისრების გადატანაა მნიშვნელოვანი საკითხებიდან, ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე. "ქართული ოცნება" ცდილობს, რომ ქალბატონი სალომე, რაღაცნაირად, შეაზილოს ოპოზიციას. ოპოზიციას კიდევ თავისი გაჭირვება ეყოფა და სალომე ზურაბიშვილის შეზელა საერთოდ არაფერში არ სჭირდება და უნდა დავუტოვო "ქართულ ოცნებას," როგორც აქამდე ჰყავდა ისე," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს დაადო და 11-გვერდიანი შენიშვნებში ბიუროს გუშინ წარუდგინა. ვეტოს დასაძლევად, 76 კანონმდებლის ხმაა საჭირო. პრეზიდენტი წერს, რომ შეზღუდულია პრეზიდენტის როლი ცესკოს თავმჯდომარის და წევრების თანამდებობაზე განწესების პროცესში. ის დეპუტატებს სთავაზობს, რომ შესარჩევი კომისია კვლავ პრეზიდენტმა შექმნას. გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია შენარჩუნდეს ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი.

დღის ამბები