13 მაისი 2024,   18:58
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს - რა შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში

საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის ვეტოს, პარლამენტის თავმჯდომარე, ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილად მიიჩნევს. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან თანამშრომლობს, რასაც მისი ბოლოს გადაწყვეტილებაც ადასტურებს. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი ოპოზიციონერ თანამოაზრეებთან ერთად, არჩევნების შედეგების მიმართ საზოგადოებაში უნდობლობის გაღვივებას, წინასწარ ცდილობს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები გაზიარებული არ იქნება.

ოპოზიციის გარკვეული ნაწილი სალომე ზურაბიშვილს ეთანხმება - მოსწონს ვეტოც და მოტივირებული შენიშვნების შინაარსიც. ხელისუფლების ოპონენტების ამტკიცებენ, რომ მათი შეხედულებები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მხოლოდ იმიტომ ემთხვევა, რომ საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები ევროინტეგრაციის პროცესისთვის საზიანოა.

ოპოზიციის მეორე ჯგუფს ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები არც წაუკითხავს, თუმცა, პრეზიდენტის ვეტოს გადაწყვეტილებას მაინც ეთანხმება. მაგალითად სტრატეგია აღმაშენებელი, სადაც ცვლილებებს მხოლოდ იმიტომ იწუნებენ, რომ ის ფართო დისკუსიის შედეგად არ მიიღეს. "გირჩისთვის" კი საერთოდ გაუგებარია, რატომ იყენებს ზურაბიშვილი ვეტოს უფლებას მაშინ როდესაც იცის, რომ მას უმრავლესობა მარტივად დაძლევს.

სალომე ზურაბიშვილის ვეტო ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა სახელისუფლებო გუნდისთვის. მმართველ პარტიაში დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხედულებები თითქმის ყველა საკითხში ემთხვევა, რაც მხოლოდ მათ თანამშრომლობაზე მეტყველებს.

საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ბიუროს გუშინ წარედგინა. 11 გვერდიან დოკუმენტში სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ შეზღუდულია პრეზიდენტის როლი ცესკოს თავმჯდომარის და წევრების თანამდებობაზე განწესების პროცესში. ის დეპუტატებს სთავაზობს, შესარჩევი კომისია კვლავ პრეზიდენტმა შექმნას და თვლის, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი უნდა შენარჩუნდეს.

დღის ამბები