13 მაისი 2024,   08:38
ვრცლად
7 წლის შემდეგ შეცვლილი პოზიცია თუ შეგნებულად არჩეული დუმილის სტრატეგია-უმრავლესობა ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებით წინადადებების მოლოდინშია

7 წლის შემდეგ შეცვლილი პოზიცია თუ შეგნებულად არჩეული დუმილის სტრატეგია - უმრავლესობა ფსევდოლიბერალური პროპაგანდასთან დაკავშირებით ისევ პასუხებისა და წინადადებების მოლოდინშია.

თენგიზ შარმანაშვილი, რომელიც 2017 წელს საკონსტიტუციო კომისიის წევრი იყო, იხსენებს, თუ როგორ ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრას ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. ამბობს, რომ იგივე აქტორები, ვინც თავის დროზე ერთსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონებასაც კი ითხოვდნენ, დღეს მმართველი გუნდის მიერ ინიციირებულ პროექტზე, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს, პოზიციას არ ახმოვანებენ.

სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი დღეს ამბობს, რომ ქვეყანაში ფსევდოლიბერალური პროპაგანდის საკითხი არ დგას. თუმცა "ისფედი" იმ საერთო განცხადების ხელმომწერია, რომელიც მესამე სექტორის ნაწილმა 2017 წელს ერთობლივად მიიღო. მაშინ "საია", "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", "ფონდი ღია საზოგადოება", "საერთაშორისო გამჭვირვალობა" და კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია, ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას ღიად აკრიტიკებდა და ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის შესაძლებლობის დაკანონებას ითხოვდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ეს პოზიცია უმრავლესობისთვის მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ მესამე სექტორი რეალურად ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარდამჭერია.

უმრავლესობის ინიციატივაზე დღეს დუმილი ამჯობინეს იმ ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც, რომლებიც 2017 წელს ქალისა და მამაკაცის კავშირის შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერს ეწინააღმდეგებოდნენ და ჰომოფობიურ საფრთხეებზე საუბრობდნენ. მათ შორისაა ანა ნაცვლიშვილიც, რომელიც მაშინ "საიას" თავმჯდომარე იყო.

უმრავლესობა ამ დრომდე ელოდება ოპოზიციისგან მოსაზრებებს, თუ როგორ უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ადამიანის უფლებების დაცვა და ფსევდოლიბერალური პროპაგანდა. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ მათი ოპონენტები, 2017 წლისგან განსხვავებით დღეს ამ საკითხზე მკვეთრად საწინააღმდეგო პოზიციას ვერ გამოხატავენ, რადგან საზოგადოების განწყობა კარგად იციან.

საპარლამენტო უმრავლესობა ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ საკანონმდებლო წინადადებას პარლამენტში უახლოეს დღეებში დააინფიცირებს. შეთავაზება, რომ პროექტის შემუშავებაში ოპოზიცია და მესამე სექტორიც ჩაერთოს, ისევ ძალაშია, თუმცა ადრესატები კანონპროექტთან დაკავშირებით ჯერ პოზიციას არ გამოხატავენ.

დღის ამბები