12 მაისი 2024,   20:40
ვრცლად
ზურაბ ადეიშვილი ბუნდესტაგის ლოჟაში სტუმრის სტატუსით - ოფიციალური თბილისი იმედოვნებს, რომ მეგობარი ქვეყანა ამ საკითხზე განმარტებას გააკეთებს

რატომ უმასპინძლეს ბუნდესტაგში საქართველოში ძებნილ ზურაბ ადეიშვილს - ეს კითხვა დღეს მმართველი გუნდის მხრიდან ხშირად ისმოდა. რამდენიმე მძიმე დანაშაულისთვის საქართველოში მსჯავრდადებული ყოფილი გენერალური პროკურორი ცოტა ხნის წინ უკრაინულ დელეგაციასთან ერთად გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს სხდომას საპატიო ლოჟიდან დაესწრო.

"ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, ფაქტი ახლო მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს შორის გარკვეულ უხერხულობას წარმოშობს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ პარტნიორებს ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ამ მოვლენამ ქვეყანაში ევროსკეპტიკოსთა ნაწილი წაახალისოს.

ციხეში პატიმრების მიმართ დამამცირებელი მოპყრობის, ტელეკომპანია "იმედის" დარბევის, კობა დავითაშვილის სასტიკად ცემის საქმეები - ეს იმ ვრცელი სიის არასრული ჩამონათვალია, რასაც ადეიშვილს ქართული მართლმსაჯულება ედავება. მიუხედავად ამისა, "ნაციონალურ მოძრაობაში" კვლავ ფიქრობენ, რომ ის უსამართლოდ იდევნება.

"ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებულია სხვა ოპოზიციური პარტიების პოზიცია. პოლიტიკოსები პრობლემას იმაში ხედავენ, რომ ყოფილ პროკურორს ამ დრომდე თავისუფლად გადაადგილების საშუალება ეძლევა. ხელისუფლების ოპონენტები ამ საკითხზე პასუხისმგებლობას მმართველ ძალას აკისრებენ.

ზურაბ ადეიშვილსა და მის იდეურ თანამოაზრეებს დღეს, მმართველ გუნდში, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიმდინარე პროცესები შეახსენეს. საპარლამენტო უმრავლესობისთვის გაუგებარია, რატომ არ დაინტერესდა გერმანული მხარე ყოფილი მაღალჩინოსნის ბიოგრაფიით. კანონმდებლების აზრით, კარგი იქნება თუ მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლობა ამ თემაზე დამატებით განმარტებასაც გააკეთებს.

საქართველოში არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდადებული ბუნდესტაგში 24 თებერვალს, უკრაინულ დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის სახელით ძებნილი ზურაბ ადეიშვილი უკვე მეორედ გამოჩნდა.

დღის ამბები