13 მაისი 2024,   09:31
ვრცლად
ლატვიამ, რომელიც ღვინოს არ აწარმოებს, ჩვენზე მეტი ღვინო გაიტანა რუსეთში და დღეს ვიღაცები პრეტენზიებს გვიყენებენ რუსეთთან ვაჭრობაზე -შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში რუსეთისთვის სანქციების თემაზე ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთთან პირდაპირი სანქციების დაწესების შემთხვევაში ქვეყანა ეკონომიკური და ფიზიკური საფრთხის წინაშე დგება, სანქციების სანაცვლოდ კი ევროკავშირისგან რისკების დაზღვევის გარანტიას ვერ იღებს.

"ევროკავშირის 27 ქვეყანა იკრიბება და ამბობს - დავადოთ სანქცია რუსეთის ხორბალს, პირობითად ან დავგმოთ ადამიანების უფლებათა დარღვევა რომელიღაც ქვეყანაში. ამას 27 ქვეყანა იღებს კონსენსუსით და ერთიც თუ წინააღმდეგია, ვერ იღებენ. ამიტომ არის სანქციებს რომ დრო სჭირდება ხოლმე - ზოგს უნდა, რომ თავისი ღვინო გაიტანოს რუსეთში ისე, როგორც მაგალითად, ლატვიამ გვაჯობა ჩვენ, საქართველოს რუსეთში ღვინის ექსპორტით. ლატვიამ, რომელიც ღვინოს არ აწარმოებს, ჩვენზე მეტი ღვინო გაიტანა და დღეს ვიღაცები პრეტენზიებს გვიყენებენ რუსეთთან ვაჭრობაზე.

ჩვენ ამ მოლაპარაკების მონაწილე არ ვართ, ჩვენს ინტერესს არავინ არ ითვალისწინებს. ჩვენ ღვინო გვაინტერესებს თუ მწვანილი, არავინ არ გვეკითხება ისე იღებენ ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ მოლოდინი აქვთ, რომ შევუერთდებით. ჩვენ ამას ვაკეთებთ რუსეთთან მიმართებაში იმიტომ, რომ ჩვენთვის უკრაინელი ხალხის ტანჯვა და ამ ტანჯვის დასრულება არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ გვაქვს ემოციური ემპათია ამ ხალხის მიმართ. ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, შეიძლება ყველაზე მეტი ემპათია ქართველ ხალხს აქვს უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვამბობთ, რომ მართალია, არ ვაწესებთ სანქციას პირდაპირ, მაგრამ ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი სანქციები არ დაირღვეს ჩვენს ქვეყანაში.

100% ამ ინსტრუმენტებისა, რაზეც საუბარი არის ხოლმე, 20% შეეხებოდა რუსეთს. ჩვენ, მაგალითად, 80%-ზე ზემოთ ვერც კი ავიდოდით 2022 წელს, რადგან 20% ეხებოდა რუსეთის დასანქცირებას და ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ხალხის ინტერესში რუსეთის დასანქცირება არ არის. ჩვენ თუ დავასანქცირეთ და ჩავკეტეთ რაღაცა, რუსეთი იტყვის: კი ბატონო, მაშინ მე მთლიანად ვკეტავ ყველაფერს და კარგად ბრძანდებოდეთ, რაც ნიშნავს -18% ეკონომიკურ ვარდნას. გარდა ამისა, იწვევს ესკალაციას, ომის საფრთხეს და ა.შ. ამიტომ, რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ არის ქართველი ხალხის ინტერესში, ამაზე ხომ შევთანხმდით?!

ევროკავშირი გვეუბნება, რომ ჩემს ინტერესშია, საქართველომ დაუწესოს სანქცია რუსეთს - ჩვენ ვეუბნებით, რომ შეიძლება თქვენს ინტერესში არის, მაგრამ ჩვენ ინტერესში არ არის და ჩვენ ამაზე უარს ვამბობთ. ამიტომ, ჩვენ არ ვართ 100%-ით დაახლოებული ამ საკითხში და ვერც ვიქნებით.

როდესაც ჩვენ გვეუბნება ევროკავშირი ან სხვა რომელიმე ქვეყანა, რუსეთს სანქციები დაუწესეთო, ჩვენ ვუხსნით - ჩვენ გვაქვს ეკონომიკური რისკი. ჩვენ თუ დავაწესებთ რაღაც პატარა სანქციას - ჩვენ ვართ 0.03% რუსეთის ეკონომიკისთვის, სამაგიეროდ, იქიდან შეუძლია ფართომასშტაბიანი ემბარგო გამოაცხადოს. ჩვენი ზარალი X მილიონი ლარის შეიძლება იყოს, თქვენ ამას აგვინაზღაურებთ? ვეკითხებით ევროკავშირს, ჩვენ თუ მართლა დაგვარტყა რუსეთმა ეკონომიკურად და ღვინო ვეღარ გაგვაქვს, გაიტანთ თქვენთან? დაგვეხმარებით? გვეუბნებიან - არა, ან - ვნახოთ. მეორე - ვეუბნებით, რომ ეს გამოიწვევს ესკალაციას, შეიძლება დაძაბულობა მარტივად განვითარდეს და დავდგეთ ომის საფრთხის წინაშე რუსეთთან, თქვენ ჩვენ დაგვეხმარებით? იომებთ? გვეუბნებიან - არა, არ ვიომებთ. თქვენ ქოლგას გადაგვაფარებთ უსაფრთხოების? ეკონომიკურ ქოლგას გადაგვაფარებთ? - არა.

აბა, თუ არც ეკონომიკურ და არც უსაფრთხოების ქოლგას გადაგვაფარებთ, მაშინ მითხარით, არის თუ არა კეთილსინდისიერი მოგვთხოვოთ ჩვენ საფრთხეში ჩავაყენოთ ჩვენი ქალები, ბავშვები, მოხუცები? იმავე საფრთხეში, რომელიც ახლა რეალიზებულია უკრაინაში. ეს ხომ არ არის ჩვენგან დისტანცირებული, რაც უკრაინაში ხდება, ეს ჩვენ ჩვენთან გვაქვს ნანახი და ემოციურად ეს ვიცით, როგორ მოძრაობს ის ტანკი, როგორ ისვრის და როგორ ხოცავს ადამიანებს,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები