13 მაისი 2024,   03:07
ვრცლად
თავს იზღვევენ და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, თითქოს, წინასწარ ვემზადებით, რომ არჩევნებს არ ვაღიარებთ - დავით ხაჯიშვილი

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს, სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირას დაძლევს. ამისთვის "ოცნებას" ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს. ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტს ეთანხმება, განსაკუთრებით კი მოტივირებული შენიშვნების იმ ნაწილს, სადაც პრეზიდენტი წერს, რომ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის პოსტი უნდა შენარჩუნდეს. სალომე ზურაბიშვილის ვეტო ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა სახელისუფლებო გუნდისთვის. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციასთან ერთად, კოორდინირებულად მოქმედებს, გეგმა კი არჩევნების დისკრედიტაციაა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით ხაჯიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკურად სწორი იყო.

"ეს იყო პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი იმიტომ, რომ გვაქვს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, სწორად ჩავატაროთ რეფორმები, რათა შევასრულოთ ცხრა დათქმის ერთ-ერთი პუნქტი. "ქართული ოცნება" - ივანიშვილის პარტია იქცევა სრულიად საპირისპიროდ, საბოტაჟს უწყობს ჩვენს ევროპულ მომავალს. ივანიშვილის პარტია ცდილობს, გადაიზღვიოს ასეთი განცხადებებით თავი. დიდი ალბათობით, ისინი ემზადებიან გაყალბებისთვის, ან გაყალბების მცდელობებისთვის, ან სხვადასხვა ჩარევა იქნება, როგორც წინა არჩევნებზე ხდებოდა. ახლა საკუთარ თავს იზღვევენ და ასეთ განცხადებებს აკეთებენ, თითქოს, წინასწარ ვემზადებით, რომ არ ვაღიაროთ არჩევნებს და ა.შ", - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით ორმხრივი შეცდომები იყო დაშვებული, როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი გუნდის მხრიდან.

"ცესკოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით, იყო ორმხრივი შეცდომები. პირველი შეცდომა დაუშვა ოპოზიციამ, როდესაც კალანდარიშვილს არ დაუჭირეს მხარი, ორჯერ. ჩვენ და "გირჩმა" დავუჭირეთ მხარი, სხვებმა - არა. ამის შემდეგ მივიღებთ იმას, რომ კალანდარიშვილი მაინც იქნება ცესკოს თავმჯდომარე, ოღონდ გვექნება დაგრეხილი კანონი ცესკოსთან დაკავშირებით და მოადგილე აღარ იქნება ოპოზიციონერი. ამას ვიღებთ ჩვენ იმიტომ, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაინახა შეცდომა - ოპოზიციის არაშორსმჭვრეტელობა, დაიწყო ხელის გადაგრეხა", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები