13 მაისი 2024,   07:53
ვრცლად
უცხოური ფინანსები ქართულ პოლიტიკაში - მიდის თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციების ფული არასამთავრობო სექტორის გავლით პოლიტიკაში

უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში. შეიძლება თუ არა, რომ არასამთავრობო სექტორი იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, თუ ის კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირდება - "პოლიტიკოსი, რომელიც არასამთავრობო სექტორშია და ორგანიზაცია, რომელსაც აქვს პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზანი, სამოქალაქო საზოგადოება არ არის" - პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდის ხელმძღვანელის პოზიციას იზიარებს და ახლა თავად ამ ფონდისგან ითხოვს, გადახედოს მის მიერ დაფინანსებული ენჯეოებისა და ოპოზიციის კავშირებს.

ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდი ერთ-ერთი დონორია, რომლის დაფინანსებასაც არაერთი ქართული ორგანიზაცია იღებს. ფონდში ირწმუნებიან, რომ მათი პარტნიორები პოლიტიკურ პარტიებს არ აფინანსებენ. კენ ვოლაკი შეახსენებს ყველას, რომ თუ ორგანიზაციები პოლიტიკური ძალაუფლებისთვის იბრძვიან, ისინი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებად ვერ ჩაითვლებიან.

NED-ის თავმჯდომარის უარყოფის მიუხედავად, "ქართულ ოცნებაში" იმ კონკრეტულ ორგანიზაციებს ასახელებენ, რომლებიც დაფინანსებას უშუალოდ ამ ფონდისგან იღებენ. ასეთები კი, მმართველი გუნდის განმარტებით, გიორგი გახარიას პარტიის წევრის, ნათია მეზვრიშვილის და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის - გიორგი კანდელაკის ორგანიზაციებია. არცერთ მათგანს დღეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ხელისუფლების ოპონენტები პოლიტიკოსების ფონდებიდან დაფინანსებაში პრობლემას ვერ ხედავენ.

ოპონენტების საპასუხოდ, მმართველი პარტია კიდევ ერთხელ ამბობს, რომ საეჭვო ფინანსების პოლიტიკაში მოხვედრა დაუშვებელია. ამ საფრთხეს "ოცნებაში" რეალურად ხედავენ, სწორედ ამიტომ უცხოურ ფონდებს და დონორ ორგანიზაციებს თანხების გაცემის უფრო მეტად გაკონტროლებისკენ მოუწოდებენ.

პოლიტიკური ძალების ნაწილი იმ მიზეზების განმარტებას შეეცადა, რის გამოც პარტიები დაფინანსებას არასამთავრობო სექტორის გავლით იღებენ. ოპოზიციონერი დეპუტატები არ უარყოფენ, რომ პარტიების პარალელურად ენჯეოების შექმნა გამოცდილი პრაქტიკაა.

მესამე სექტორის გავლით პარტიების დაფინანსებაზე საუბრის დროს, საპარლამენტო უმრავლესობა გასული წლის 7-8 მარტის მოვლენებს იხსენებს. ამბობენ, რომ სწორედ ფინანსების გამჭვირვალობა და მიღებული თანხების დეკლარირება იყო იმ კანონპროექტის მიზანი, რომელიც პარლამენტს "ხალხის ძალამ" წარუდგინა და რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა, მოგვიანებით კი, კანონპროექტის უკან გაწვევა.

უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობაზე საუბრის დროს, სახელისუფლებო ძალას ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მაგალითი მოჰყავს. ამბობენ იმასაც, რომ თანხების წარმომავლის გასაჯაროების აუცილებლობაზე მუშაობა დაიწყეს ევროკავშირშიც.

დღის ამბები