12 მაისი 2024,   19:36
ვრცლად
"თქვენი ჟურნალისტი გონიერი ადამიანი ყოფილა, წინასწარს სცოდნია რას გავაკეთებთ" - რას პასუხობს ლევან ხაბეიშვილი "კურიერის" კორესპოდენტის ინფორმაციას

"კურიერის" ინფორმაცია დადასტურდა - ჯერ კიდევ სამი დღის წინ, ჩვენს ჟურნალისტს, შოთა ფალავანდიშვილს ჰქონდა ინფორმაცია, რა დავალება მიიღო პიარ-სტრატეგი როზნერისგან "ნაციონალურმა მოძრაობამ." ჩვენი ჟურნალისტი სოციალურ ქსელში დეტალურად წერდა იმ გეგმის შესახებ, თუ რა აქტივობები უნდა განეხორციელებინათ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს.

წყაროს მიერ მოწოდებული ყველა პუნქტი შესრულდა - "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამ დღეების განმავლობაში ფასებთან დაკავშირებით ხვდებოდნენ მეწარმეებს, მიდიოდნენ ოჯახებში, დღეს კი როზნერის გეგმის ბოლო მითითებაც შეასრულეს, რაზეც თავის სტატუსში ჩვენი ჟურნალისტი საუბრობდა და ფასების შესადარებლად პარტიის თავმჯდომარე მეზობელი თურქეთის ტერიტორიაზე სულ ცოტა ხნის წინ გადავიდა. წყაროს ინფორმაციით, როზნერმა ფასების კამპანია "ნაციონალურ მოძრაობას" ლგბტ თემის გადასაფარად დაავალა.

შოთა ფალავანდიშვილის ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა უპასუხა. ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების შესადარებლად თურქეთში მიდის. "კურიერის" ჟურნალისტს კი გონიერ ადამიანს უწოდებს, რადგან წინასწარ იცოდა ოპოზიციური პარტია რას იზამდა.

"ჩვენ დღეს ვაპირებთ თურქეთში გადასვლას, ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც და მოქალაქეც მინიმუმ 2-ჯერ უფრო მდიდარია ყველა სტატისტიკით, ყველა ციფრით და ორჯერ უფრო იაფად ყიდულობს პირველადი მოხმარების პროდუქტებს. თურქეთში ჩვენ ვიყიდით პირველადი მოხმარების პროდუქტებს და გაგიზიარებთ, რამდენად იაფია.

მოსახლეობამ რომ მაცივარი გამოაღოს, ამას პიარტექნოლოგია სჭირდება?! - ადამიანი რომ მაცივარს აღებს და ცარიელია, ეს პიარია?! - თქვენი ჟურნალისტი გონიერი ადამიანი ყოფილა, წინასწარს სცოდნია რას გავაკეთებთ, სულ ამას ვაკეთებთ, ალბათ მიხვდა ეს ადამიანი, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს საკითხი, თქვენთვისაც მნიშვნელოვანია," - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები