12 მაისი 2024,   22:10
ვრცლად
არავის მონოპოლია არ მიუცია ხელისუფლებისთვის მხოლოდ იმ თემებზე ვილაპარაკოთ, რაც "ოცნებას" უნდა - როგორ აფასებენ ოპოზიციაში როზნერის გეგმას

"კურიერის" ჟურნალისტის მიერ მოპოვებული ინფორმაციის დადასტურების შემდეგ, როზნერის გეგმასა და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივობებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები. პოლიტიკოსებმა პირადად წაიკითხეს შოთა ფალავანდიშვილის მიერ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დაწერილი პოსტი "ნაცმოძრაობის" ლიდერების მეწარმეებთან, ოჯახებთან შეხვედრის და მეზობელ სახელმწიფოებთან ფასების შედარების შესახებ.

როგორც "გირჩში" აცხადებენ, როგორც ჩანს, პიარ-კონსულტანტების დავალებით, "ნაციონალური მოძრაობა" იმ ეტაპზეა, რომ დაპირებებს გასცემს, თუმცა მოგვარების გზებზე არ საუბრობს.

"ამბობენ, რომ ფასები დიდია და შევამცირებთ, თუმცა ეს გზა როგორია იმაზე არ ლაპარაკობენ. ზოგადად, არც ისე კარგი მაგალითია თურქეთი, რომელსაც ძალიან მაღალი ინფლაცია აქვს და როდესაც შიდა ინფლაცია ძალიან მაღალია სხვა ქვეყნებისთვის ჩვენი პროდუქცია იაფდება, ამიტომ შესაძლოა თურქეთთან შედარება არც ისე რელევანტური იყოს. საბოლოო ჯამში, წინა საარჩევნო პერიოდია, 6 თვე გვაქვს კიდევ ლამის სალაპარაკოდ და მოდით, ვაცადოთ ნაცებს როგორ აპირებენ ამ ყველაფრის მიღწევას. ჯერ მხოლოდ პიარ-კამპანიის ნაწილში იმაზე არიან, რომ დაპირებებს გასცემენ და თუ ასე გააგრძელეს, ბუნებრივია, კითხვა გაჩნდება, როგორ აპირებენ," - აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

რაც შეეხება გიორგი გახარიას გუნდის წევრებს, "საქართველოსთვის" წევრის, მიხეილ დაუშვილის შეფასებით, ოპოზიცია მხოლოდ იმ თემებზე ვერ და არ ისაუბრებს, რაც ხელისუფლებას უნდა.

"არავის მონოპოლია არ მიუცია ხელისუფლებისთვის, მხოლოდ იმ თემებზე ვილაპარაკოთ, რაც "ოცნებას" უნდა. კაცო ეგრე სად არის?! - მე არ მაქვს უფლება იმაზე ვილაპარაკო, რაც მე მინდა?! - ხალხნო, უნდა გვესმოდეს, რომ "ნაცმოძრაობა" არის წარსულის პარტია, "ნაცმოძრაობაც" დასასრულებელია და უფრო მეტსაც, გეტყვით, "ნაცმოძრაობამ" ის უნდა გადაწყვიტოს, საერთოდ რამდენ ნაწილად იშლებიან. დანარჩენი რის გადაფარვას აპირებენ, არ მაინტერესებს", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ცნობისთვის, "კურიერის" ინფორმაცია დადასტურდა - ჯერ კიდევ სამი დღის წინ, ჩვენს ჟურნალისტს, შოთა ფალავანდიშვილს ჰქონდა ინფორმაცია, რა დავალება მიიღო პიარ-სტრატეგი როზნერისგან "ნაციონალურმა მოძრაობამ." ჩვენი ჟურნალისტი სოციალურ ქსელში დეტალურად წერდა იმ გეგმის შესახებ, თუ რა აქტივობები უნდა განეხორციელებინათ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს.

წყაროს მიერ მოწოდებული ყველა პუნქტი შესრულდა - "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამ დღეების განმავლობაში ფასებთან დაკავშირებით ხვდებოდნენ მეწარმეებს, მიდიოდნენ ოჯახებში, დღეს კი როზნერის გეგმის ბოლო მითითებაც შეასრულეს, რაზეც თავის სტატუსში ჩვენი ჟურნალისტი საუბრობდა და ფასების შესადარებლად პარტიის თავმჯდომარე მეზობელი თურქეთის ტერიტორიაზე სულ ცოტა ხნის წინ გადავიდა. წყაროს ინფორმაციით, როზნერმა ფასების კამპანია "ნაციონალურ მოძრაობას" ლგბტ თემის გადასაფარად დაავალა.

 

დღის ამბები