17 ივნისი 2024,   22:47
ვრცლად
"ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ მე ეს ფილმი არასდროს გადამეღო" - უკრაინულმა დოკუმენტურმა ფილმმა "20 დღე მარიუპოლში" "ოსკარი" მოიპოვა

წლის ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენას, უკვე 96-ედ, "ჰოლივუდში", "დოლბის" თეატრმა უმასპინძლა.

მსოფლიოსთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომ წელს "ოსკარის" ტრიუმფატორი "ოპენჰაიმერია". ფილმი საუკეთესოდ შეფასდა და 13 ნომინაციიდან 7 "ოსკარი" მოიპოვა. საუკეთესო ფილმთან ერთად, "ოპენჰაიმერმა", საუკეთესო რეჟისურისთვის, "ოსკარი" კრისტოფერ ნოლანს მოუტანა.

რობერტ ოპენჰაიმერის როლის შესრულებით, კილიან მერფიმ პირველი ოსკარი და საუკეთესო მსახიობი კაცის ტიტული მოიპოვა. კილიან მერფი პირველი ირლანდიელი მსახიობია, რომელსაც კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო აქვს. ამ ფილმში მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის, "ოსკარი" რობერტ დაუნი უმცროსმაც მიიღო.

წელს, "ოსკარების" რაოდენობით, მეორე ადგილზე იორგოს ლანთიმოსის ფილმი, Poor Things-ია. ოთხი "ოსკარიდან" ერთი უმაღლესი ჯილდო კინოაკადემიისგან, ემა სტოუნს ერგო. სწორედ ამიტომ, 2024 წლის საუკეთესო მსახიობი ქალი ემა სტოუნია.

ისტორიაში პირველად, "ოსკარი" უკრაინამ მოიპოვა. დოკუმენტური ფილმების ნომინაციაში, საუკეთესოდ "20 დღე მარიუპოლში" დასახელდა.

96-ე დაჯილდოების ცერემონიაზე, 25 ნომინაციიდან კინოინდუსტრიაში საუკეთესოები დასახელდნენ. მათ შორის, "დაცემის ანატომია", როგორც წლის ორიგინალური სცენარი, საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში კი, "ოსკარი" "ინტერესის ზონას" ერგო.

დაჯილდოების ცერემონიამდე კი, ტრადიციულად, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში, წითელი ხალიჩა იყო. აქ ყველას აინტერესებს, რომელ ვარსკვლავს რა და ვისი სამოსი აცვია; შარლიზ ტერონი "დიორის" კაბით, ემა სტოუნი - "ლუი ვიტონის", ზენდაია - "არმანის", ემილი ბლანტი კი - "სკიაპარელის".

კინოინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოება - "ოსკარი" მომავალ წლამდე მსოფლიოს ემშვიდობება. კინოხელოვანებს ზუსტად ერთი წელი აქვთ, რომ შექმნან ახალი, რაზეც "ჰოლივუდი" შემდეგი ერთი წელი ისაუბრებს.

დღის ამბები