01 ნოემბერი 2024,   05:00
ვრცლად
გელათის მონასტერში იტალიელი, ინგლისელი და გერმანელი სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა მუშაობა დაიწყო

გელათის მონასტერში იტალიელი, ინგლისელი და გერმანელი სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა მუშაობა დაიწყო. შიდა სივრცეში 21 კრიტიკული კერის პირველადი დათვალიერების შემდეგ, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოზაიკისა და კედლის მხატვრობის შენარჩუნება შესაძლებელია, უფრო მეტს კი, სამეცნიერო შესწავლის შემდეგ იტყვიან.

უცხოელი სპეციალისტები ტაძრის დაზიანებულ ადგილებზე გადაუდებელ საკონსერვაციო სამუშაოებსაც ჩაატარებენ. ამბობენ, რომ ამ პროცესში დრო მნიშვნელოვანია, თუმცა არ უნდა იჩქარონ. ექსპერტების შეფასებით, ღვთისმშობლის მოზაიკის შესწავლას მთელი წელი დასჭირდება და საკონსერვაციო სამუშაოები მხოლოდ ამის შემდეგ ჩაუტარდება.

მონასტრის ტერიტორიაზე საველე-სამეცნიერო ლაბორატორიები უკვე მოეწყო, სადაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ერთად მუშაობენ. უახლოეს დღეებში, გელათში საძირკვლის გამაგრების პროცესიც დაიწყება. იგეგმება ტაძრის გადახურვის სამუშაოებიც.

უცხოელი სპეციალისტების შეფასებების შემდეგ, პოზიტიურ მოლოდინებზე საუბრობენ მათი ქართველი კოლეგები. გელათის დროებითი კომიტეტის წევრები ამბობენ იმასაც, რომ რეაბილიტაციის პროცესი ხანგრძლივი იქნება.

გელათში სამუშაოები საპატრიარქოს ზედამხედველობით მიმდინარეობს. ტაძრის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გასულ წელს შეიქმნა და ეროვნულ და საერთაშორისო საბჭოებს აერთიანებს.

დღის ამბები