13 მაისი 2024,   21:35
ვრცლად
კეზერაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ - რატომ არ მისცეს შეერთებული შტატების ვიზა საქართველოდან ყოფილ თავდაცვის მინისტრს

დავით კეზერაშვილის პარტიაში კომენტარის გაკეთება არ სურთ იმ მიზეზებზე, თუ რატომ უთხრა უარი შეერთებულმა შტატებმა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ვიზის მიღებაზე. ნაციონალური მოძრაობის წევრებს, რომლებიც კვიპროსში პარტიის დამფინანსებელსაც ხშირად სტუმრობენ, საუბარი არც იმაზე უნდათ უკავშირდება თუ არა გადაწყვეტილება ქოლცენტრების საერთაშორისო სკანდალს. "ნაციონალური მოძრაობის" ნაცვლად შტატების უარზე კომენტარის გაკეთება მათ პოლიტიკურ პარტნიორებს მოუხდათ.

აშშ-ს საბაჟო და სასაზღვრო სამსახურმა კეზერაშვილს ვიზაზე უარი იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის 212-ე მუხლის საფუძველზე უთხრა. კანონმდებლობის ეს პუნქტი ფულის გათეთრებას ეხება და ამერიკის ტერიტორიაზე შესვლას უზღუდავს იმ პირებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ, ან არიან უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. შეზღუდვა ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, თუ საკონსულოს თანამშრომელს ან გენერალურ პროკურორს ეჭვი აქვს, რომ ვიზის მომთხოვნ პირს კავშირი აქვს და ეხმარება სხვებს ფინანსურ დანაშაულში.

უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. კეზერაშვილის წარმომადგენელი განმარტავს, რომ დოკუმენტებზე წვდომის მიზნით საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზას მიმართეს.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ შტატების მსგავსი დამოკიდებულება ევროპის ქვეყნებმაც უნდა გამოიჩინონ, სადაც კეზერაშვილი პენსიონერების დანაზოგების მითვისებაშია ეჭვმიტანილი. ქართული ოცნების შეფასებით, ლოგიკურია, რომ ვიზაზე უარის საფუძველი ფულის გათეთრების საკითხს უკავშირდება. უმრავლესობის წარმომადგენლებმა დღეს არაერთხელ ახსენეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ის საქმეებიც, რაზეც კეზერაშვილი საქართველოში უკვე მსჯავრდებულია.

დავით კეზერაშვილმა ვიზაზე უარი 2023 წლის 18 ივლისს მიიღო, ამ დროისთვის უკვე ცნობილი იყო BBC-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შესახებ, რომელიც ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის მილიონობით ევროს გამოძალვას ეხებოდა. გამომძიებელი ჟურნალისტები ჰყვებოდნენ, რომ საერთაშორისო თაღლითური ჯგუფების კვალი, სწორედ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან მიდიოდა. ოპოზიციის ნაწილი ვარაუდობს, რომ საერთაშორისო გამოძიება მტკიცებულებებს აქტიურად აგროვებს უშუალოდ კეზერაშვილის წინააღმდეგ და სწორედ ამას უკავშირდება ამერიკის გადაწყვეტილება.

მმართველი პარტიის შეფასებით, ამერიკულმა მხარემ დავით კეზერაშვილი ფაქტობრივად დაასანქცირა, რასაც მათი თქმით, ლეგიტიმური სამართლებრივი საფუძველი აქვს, ქართველი მოსამართლეების შემთხვევისგან განსხვავებით. უმრავლესობა სახელმწიფო დეპარტამენტისგან ამ დრომდე ელოდება მტკიცებულებებს, რის გამოც კონკრეტულ მოსამართლეებს შტატებში შესვლა შეეზღუდათ.

"მისტერ ოფშორი" - ამ სახელით მოიხსენიეს BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების ავტორებმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დოკუმენტურ ფილმში სახელწოდებით “მილიარდების თაღლითები, რომლებიც თქვენს დანაზოგს იპარავენ“ . დავით კეზერაშვილს ფინანსურ დანაშაულებსა და ფულის გათეთრებას საქართველოშიც ედავებიან. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, რის საფუძველზეც დავით კეზერაშვილს უწყების სასარგებლოდ 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა. ამ საქმეზე კეზერაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის მუხლებით აქვს წარდგენილი. პროკურატურა თავდაცვის ექსმინისტრს ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფულის გათეთრებას, უკანონო შემოსავლის მიღებას, ასევე მითვისება-გაფლანგვას სხვა საქმეებზეც ედავება.

 

დღის ამბები