13 მაისი 2024,   14:55
ვრცლად
"ხალხის ძალისთვის" აგვისტოს ომის გამოძიების დაწყების დრო, ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალებაზე გადის - როგორია საკითხზე პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები

სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში, "ხალხის ძალა" აგვისტოს ომის დროს "ნაციონალური მოძრაობის" სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებზე გამოძიების დაწყებას გეგმავს. მოძრაობაში გლობალური ომის პარტიის გეგმაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ შესაძლოა გადაწყვეტილება არა არჩევნების შემდეგ, არამედ მანამდე მიიღონ.

"ნაციონალური მოძრაობისა" და მისი პარტნიორი პარტიისთვის "ხალხის ძალის" ინიციატივა მიუღებელია. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ აგვისტოს მოვლენებზე ამ რიტორიკით საუბარი უნდა დასრულდეს.

სოზარ სუბარი 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით ოფიციალურ დასკვნებში გაკეთებულ ჩანაწერებსა და საჯარო განცხადებებს იხსენებს. მისი თქმით, სწორედ სააკაშვილის და მაშინდელი ხელისუფლების დანაშაულებს ადასტურებს ის მასალა, რომლის განადგურებაც ყოფილმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა.

2008 წლის აგვისტოს მოვლენების პროვოცირებაში მიხეილ სააკაშვილს მაშინდელი ოპოზიციის წარმომადგენლებიც ადანაშაულებდნენ და მის პასუხისგებას ითხოვდნენ.

სააკაშვილის მისამართით კრიტიკული განცხადებები ისმოდა პარტნიორი ქვეყნების ლიდერებისგან და გავლენიანი დიპლომატებისგანაც.

სააკაშვილის და მისი ხელისუფლების გასამართლებას მხარს უჭერენ "ევროპელი სოციალისტები." გარკვეულ ვითარებაში გამოძიების საჭიროებას არც ალეკო ელისაშვილი გამორიცხავს.

2008 წლის ომში მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკურ დანაშაულზე საუბრობენ "ქართულ ოცნებაში," თუმცა აქვე იმასაც ამბობენ, რომ საკითხი მეტ მსჯელობას მოითხოვს.

"ხალხის ძალაში" აცხადებენ, რომ აგვისტოს მოვლენების დროს ყოფილი ხელისუფლების სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებზე მუშაობას და საზოგადოებას ინფორმაციას მომავალშიც აქტიურად მიაწვდიან.

 

 

დღის ამბები