13 მაისი 2024,   08:44
ვრცლად
სხვა ტიპის პარტია შეიქმნა ახლა, სადაც გადაწყვეტილებები ჩაკეტილ კარს მიღმა არ მიიღება და რაღაც ვიწრო ჯგუფი ვერ ახერხებს პარტიის მიტაცებას - გიორგი კირთაძე "ახალზე"

ეს არის რწმენა იმისა, რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელია ცვლილებები. ამ ქვეყანაში შესაძლებელია სამართლიანი წესრიგის უზრუნველყოფა და ეს ბევრი მიმართულებით, რაღაც მნიშვნელოვან რეფორმას გულისხმობს,- ამის შესახებ "ახალის" წევრმა, გიორგი კირთაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა და წამყვანის კითხვას, თუ რა იქნება ახალი გვარამია-მელიას პარტიაში უპასუხა.

"ეს არის რწმენა იმისა, რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელია ცვლილებები. ამ ქვეყანაში შესაძლებელია სამართლიანი წესრიგის უზრუნველყოფა და ბევრი მიმართულებით, რაღაც მნიშვნელოვან რეფორმას გულისხმობს. ამისთვის ხელისუფლების შეცვლაა საჭირო, ოღონდ მხოლოდ ეგ არ კმარა. მთავარი არის სწორი ხედვა - რატომ ვცვლით ხელისუფლებას და რა ხდება შემდგომ. თუ ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ სისტემის სათავეებთან მდგომი ადამიანები უნდა შევცვალოთ სხვა ადამიანებით, მე არ მგონია, რომ ეს ამ ქვეყანაში რაღაც უკეთესს ცხოვრებას მოიტანს. ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმაა გასაკეთებელი და ამის შესახებ ვაპირებთ ძალიან ბევრი ვისაუბროთ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. ჩვენ გვაქვს რწმენა იმისა, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია და მე ვფიქრობ, რომ "ახალის" გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც არიან გულწრფელები და თავიანთი ცხოვრების ყველა ეტაპზე, ეს დაუდასტურებიათ," - აღნიშნა კირთაძემ.

მისი თქმით, "ახალი" იქნება პარტია, სადაც გადაწყვეტილებებს ვიწრო ჯგუფი არ მიიღებს. 

"ყველასთვის ნათელია, რა მოხდა "ნაციონალურ მოძრაობაში" და რატომ მოგვიწია წამოსვლა. სწორედ ამის საპირისპიროდ, ბევრად უფრო სხვა ტიპის პარტია შეიქმნა ახლა, სადაც გადაწყვეტილებები ჩაკეტილ კარს მიღმა არ მიიღება და რაღაც ვიწრო ჯგუფი არ ახერხებს პარტიის მიტაცებას. "ახალში" ბევრი განსხვავებული ადამიანია, ისეთებიც, რომლებიც არ იყვნენ ჩართული მანამდე პოლიტიკურ პროცესებში. ასევე, ხედავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ პარტიული გამოცდილება. მგონია, რომ ეს არის სიახლე - მე მართლა მჯერა, რომ ეს არის პარტია, რომელსაც შეუძლია რწმენა და იმედი დაუბრუნოს ჩვენს მოქალაქეებს იმისთვის, რომ ამ მიწაზე ვიცხოვროთ უკეთ," - განაცხადა გიორგი კირთაძემ "ღამის კურიერის" ეთერში.

 

დღის ამბები