18 ივნისი 2024,   15:57
ვრცლად
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ისევ ლიდერებშია - აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ანგარიში

აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს 2024 წლის იანვრის ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა, მგზავრთა ნაკადი 2019 წელთან შედარებით, 171.8%-ით გაზარდა და სამარყანდისა და ტირანას აეროპორტების შემდეგ, მესამე ადგილზე გავიდა. საუბარია იმ აეროპორტებზე, რომლებიც წლიურად 1-დან 10 მლნ-მდე მგზავრს ემსახურებიან.

აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ანგარიშში ნათქვამია, რომ დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი უკვე იმ აეროპორტების გვერდით მოხვდა, რომლებმაც მკვეთრი ზრდა განიცადეს. მგზავრების რაოდენობა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 91%-ით გაიზარდა და ევროპის აეროპორტებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა. ამ მონაცემების მიხედვით, ქუთაისის აეროპორტმა, მცირედან საშუალო აეროპორტების კატეგორიაში გადაინაცვლა.

2023 წლის ჩათვლით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მცირე ზომის აეროპორტების კატეგორიაში გადიოდა. 2018 წელს ევროპაში 5 მლნ-მდე მგზავრთა ნაკადის ზრდით ლიდერი იყო, ხოლო 2019 წელს მეორე ადგილზე მოხვდა. მგზავრების რაოდენობის ზრდა და აეროპორტის განვითარება, ადგილზე სერვისების განვითარების წინაპირობაა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ამ დროისთვის, 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება. გრძელდება მოლაპარაკებები ახალი მიმართულებებისა და ავიაკომპანიების შემოყვანის, ასევე ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით. უკვე დასრულდა ქუთაისის აეროპორტის ახალი, 3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პროექტირების ეტაპი. სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად უახლოეს მომავალში, ტენდერი გამოცხადდება.

დღის ამბები