17 ივნისი 2024,   20:58
ვრცლად
დარჩება თუ არა 150 მილიონზე მეტი ამერიკელი "ტიკ-ტოკის" გარეშე, ეს ახლა მხოლოდ სენატზეა დამოკიდებული - რატომ სურთ აშშ-ის კანონმდებლებს პოპულარული სოცქსელის აკრძალვა

კონგრესის ქვედა პალატაში გასული კანონი, შტატებში "ტიკ-ტოკის" აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა. ეს იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაცია საბოლოოდ არ ჩამოშორდება მშობლიურ კომპანია ytedance-ს, რომელსაც ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან კავშირების გამო, შტატები ეჭვის თვალით უყურებს. "ტიკ-ტოკის" აქტიური მომხმარებლები თვლიან, რომ თუ ეს კანონპროექტი საბოლოოდ ოვალურ კაბინეტში მოხვდება და პრეზიდენტი მოაწერს ხელს - ამით ხელისუფლება ზიანს საკუთარ მოქალაქეებს მიაყენებს.

იმ შემთხვევაში, თუ კანონს ზედა პალატაშიც დაუჭერენ მხარს, ბაიდენი მას ხელს ნამდვილად მოაწერს, ეს ნათქვამიც აქვს. მიზეზი კი იმაშია, რომ "ტიკ-ტოკი" შტატებში, უკვე წლებია, ეროვნული უსაფრთხოებისთვის სარისკო აპლიკაციად მიიჩნევა. მისი მოწინააღმდეგე კანონმდებლები თვლიან, რომ ამ პლატფორმის მეშვეობით, ჩინეთს ამერიკელების მონაცემების შეგროვება და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა შეუძლია, მით უმეტეს საარჩევნოდ. მეორეს მხრივ, ამკრძალავი მიდგომა, სიტყვის თავისუფლებასთან მოდის წინააღმდეგობაში, ამიტომაც მოჰყვა ამ თემას ხანგრძლივი დებატები წარმომადგენელთა პალატაში, სადაც საბოლოოდ, 352-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი.

თუ კანონპროექტი ამოქმედდა, "ტიკ-ტოკმა" კი ულტიმატუმის შესრულებაზე უარი თქვა - მაშინ სააპლიკაციო პლატფორმებს, app-store-ბიდან მისი ამოღება მოუხდებათ, გვერდის ავლის შემთხვევაში კი, მილიონიანი ჯარიმებიც დაეკისრებათ. ეს მიდგომა მიუღებელია პეკინისთვის. აქ თვლიან, რომ უსამართლოა ეროვნული უსაფრთხოების მოტივებით, შეჯიბრებითობის პრინციპის უგულებელყოფა.

მთავარი ხაზის გარდა, კანონპროექტი აწესებს შეზღუდვებს ნებისმიერი აპლიკაციისთვის, რომელსაც შეიძლება ჩინეთი, ირანი, რუსეთი ან ჩრდილოეთ კორეა აკონტროლებდნენ. თუ კანონს დაამტკიცებენ, "ტიკ ტოკზე" უარის თქმა, აშშ-ის პრეზიდენტსაც მოუწევს, რომელმაც "ტიკ-ტოკზე" ანგარიში სულ ცოტახანს გახსნა და ამ დროისთვის, 250 ათასამდე მიმდევარიც ჰყავს.

დღის ამბები