13 მაისი 2024,   12:20
ვრცლად
"თბილისი პრაიდის" ორგანიზებული სემინარი - მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ შეხვედრის მთავარი თემა მათი ინიციატივის გაპროტესტების დაგეგმვაა

თბილისი პრაიდის ორგანიზებული სემინარი. რა საკითხებს განიხილავენ დახურულ შეხვედრაზე - საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მთავარი სასაუბრო თემა მმართველი გუნდის ინიციატივის გაპროტესტებაა, რომელიც ფსევდო-ლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ კანონპროექტის შემუშავებას გულისხმობს.

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, ამ გეგმის განხორციელებაზე მსჯელობენ  თბილისი პრაიდის ორგანიზებულ სემინარზე, რომელიც სასტუმრო "ვილა მოსავალში" მიმდინარეობს. "ხალხის ძალაში" დარწმუნებული არიან, რომ სემინარის მთავარი თემა მმართველი გუნდის ინიციატივის გაპროტესტებაა, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ კანონპროექტის შემუშავებას გულისხმობს. გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ თბილისი პრაიდის წევრები "ქართული ოცნების" ინიციატივის ანტიევროპულად მონათვლას შეეცდებიან.

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის იდეაზე ისევ დუმს ოპოზიციის ნაწილი. მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საზოგადოებისთვის ეს საკითხები მნიშვნელოვანი არ არის.

"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ "თბილისი პრაიდის" გეგმის მიხედვით, ისინი კანონპროექტის ირგვლივ სხვადასხვა მიმართულებით ააგებენ კამპანიას. დაიწყება საუბარი, რომ კანონპროექტი რუსულია, გახმოვანდება გზავნილები, რომ კანონპროექტი ზღუდავს უფლებებს. მმართველი გუნდის განცხადებით, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ამ ინიციატივის ანტიევროპულად წარმოჩენას შეეცდება, ისევე როგორც, ეს 8-9 მარტის აქციების დროს მოხდა. თუმცა, ამბობენ, რომ საზოგადოებას შეცდომაში ამჯერად უკვე ვეღარ შეიყვანენ.

საერთაშორისო დონორები რომ ჰყავს და თან დიდი დაფინანსებით, ამას "თბილისი პრაიდის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციაც ადასტურებს. საიტზე მითითებულია, რომ ორგანიზაციას თანხები დემოკრატიის ეროვნული ფონდის, გაეროს განვითარების პროგრამისა და ნიდერლანდების სახელმწიფოსგან აქვთ მიღებული. "თბილისი პრაიდის" მიმართ გაჩენილი ყველა კითხვის დასასმელად "კურიერი" მთელი დღის განმავლობაში მათთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა ორგანიზაციის წევრები, რომელთა სემინარი "ვილა მოსავალში" ამ დრომდე გრძელდება, "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

დღის ამბები