12 მაისი 2024,   21:12
ვრცლად
ფასების მატება, ქვეყნიდან მიგრაცია, აგვისტოს ომი და პატიმართა სიმრავლე "ნაციონალების" ხელისუფლების დროს - უერთიერთბრალდებები პარლამენტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის

პოლიტიკური განცხადებები და კამათი პარლამენტში. დღვანდელ პლენარული სხდომაზე დარბაზში ისევ ისმოდა ურთიერთბრალდებები. ოპოზიციამ მთავარი აქცენტი ფასებზე და მიგრაციაზე გააკეთა, მმართველმა გუნდმა კი ოპონენტების მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში და ციფრებით მანიპულაციაში დაადანაშაულა.

"ხალხის ძალამ" დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა "ნაციონალური მოძრაობის", როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლება. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ ყურადღება მიგრანტებზე გაამახვილა.

"რატომ იცლება ქვეყანა. რა იწვევს მასობრივ ემიგრაციას. 800 000 საქართველოს მოქალაქე წავიდა საქართველოდან 2012 წლის შემდეგ. ვითხოვთ პასუხს ხელისუფლების მხრიდან, ვითხოვთ პასუხს პირადად პრემიერის მხრიდან, რა იწვევს იძულებით ემიგრაციას? როდესაც ვკითხულობთ, რატომ იზრდება ფასები საკვებ პროდუქტებზე, საწვავზე? ჩვენს კითხვებზე ამ დრომდე მივიღეთ მხოლოდ დუმილი", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით კირკიტაძემ სხდომათა დარბაზში საქართველოს მესამე პრეზიდენტის ვიდეოჩანაწერი ჩართო, სადაც ექსპრეზიდენტი მიგრაციის შესახებ საუბრობს. 

"ეს ვიდეო 2018 წელს ჩაწერა მიხეილ სააკაშვილმა და ის მაშინ საუბრობდა იმ დიდ პრობლემაზე, რომლის წინაშეც დღეს უკვე ნამდვილად აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა. დიახ, დიდი პრობლემაა ის, როდესაც საქართველო დატოვა 800 000-მა მოქალაქემ. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მიდიან ოჯახებიანად, ეს არის დიდი პრობლემა და დიახ ამის მოსაგვარებლად არაფერი გააკეთეთ, არაფერს აკეთებთ ახლაც", - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

"გირჩის" ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, დეპუტატებმა ლოზუნგების გამოფენის ნაცვლად რეალური ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან.

"იმედია, რომ მალე გადავალთ არა უბრალოდ პლაკატების ჩვენებაზე, არამედ დამნაშავის მოძიებაზე, ამ დამნაშავის დანაშაულის მექანიზმების ხალხისთვის ახსნაზე და მერე, რაღაც თვალსაზრისით, გაჩნდება შანსი ჩვენ შორის კოორდინაციის, ოღონდ უნდა გადავიდეთ რეალურ მიზეზებზე, ლოზუნგების ნაცვლად", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

დავით კირკიტაძის მიერ სხდომათა დარბაზში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა პარტია "ხალხის ძალის" წევრი, მიხეილ ყაველაშვილი.

"სოციალურ საკითხებზე გადაერთნენ თითქოს, ფასებსა და მიგრაციაზე საუბრობენ. ძალა, რომელიც პირდაპირ შემიძლია შევადარო ნაციონალისტურ, სოციალისტურ, ფაშისტურ პარტიას. როგორც ის ვერ გაკეთილშობილდებოდა და ვერ გააგრძელებდა პარტიულ საქმიანობას, ასევე უნდა მოვექცეთ ამ მავნებელ ძალას.

კირკიტაძე რომ მაჩვენებდა სააკაშვილის გამოსვლას 2018 წელს, მანამდე სოზარ სუბარმა წაიკითხა მისი გამოსვლა ნოემბრის, სადაც პირდაპირ აღიარებს, რომ ომი თვითონ დაიწყო. ამაზე პასუხი რა გაქვთ და მაგას პასუხის გაცემა მოუწევს, იქ რომ ზის, კიდევ დაემატება ბევრი წლები. პასუხისმგებლობას ვერ აირიდებთ. თქვენზე არ მაქვს საუბარი, საუბარი მაქვს იმ საზოგადოებაზე, რომელიც კიდევ ბედავს და ამ ხალხს აღიქვამს, როგორმე ხელისუფლებაში დააბრუნოს. არ გამოვა ჩემო ძვირფასებო ეგ. შეეგუეთ ამას, გასამართლება აუცილებლად მოხდება და მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე. დამიწყეთ აქ დავარცხნილი საუბრები ფასებზე. რა ფასებზე მეუბნებით, გირგვლიანს გეუბნებით მე, რობაქიძეს გეუბნებით მე. ამაზე რა პასუხი გაქვთ, არც გექნებათ პასუხი. მოგიწევთ გასამართლება," - მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა დავით კირკიტაძეს.

"ხალხის ძალის" წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით "ნაციონალური მოძრაობა" განმარტებას არ აკეთებს გასული 800 000 მოქალაქიდან უკან რამდენი დაბრუნდა.

მისივე თქმით, ამ რიცხვში შედიან თავადაც, როდესაც ისინი პოლიტიკური მიზნით გადიან ქვეყნიდან და უკან ბრუნდებიან.

"სპეკულირებთ, თითქოს მიგრაციის პრობლემით ხართ შეწუხებული. მანამდე არასოდეს გიხსენებიათ, სხვათა შორის, საქართველოს გენოფონდს პირდაპირი დარტყმა სწორედ თქვენ მიაყენეთ, როდესაც 24 000-მდე გაზარდეთ პატიმართა რაოდენობა და 70% რეპროდუქციული ასაკის იყო და ახლა თქვენ ვითომ დემოგრაფია გაწუხებთ. თან გამოგაქვთ აბსოლუტური ტყუილი, რომ თითქოს 800 000-მა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა და უკან არავინ დაბრუნებულა. კერძო საუბრებში თითოეულ მათგანს ვეუბნები, მაჩვენეთ რა მონაცემი აიღეთ და ისინი ამბობენ - დიახ საქართველოდან გავიდა 800 000 კაცი, ვეკითხები - უკან რამდენი დაბრუნდა, არა ამაზე არ ვამბობთ, ხომ გავიდაო.

მეგობრებო, 800 000 ადამიანი 2012 წლიდან დღემდე გავიდა, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ უკან არავინ დაბრუნებულა, ამ რიცხვში არიან თვითონაც, როცა პოლიტიკური მიზნით დადიან, როდესაც ტურისტული მიზნით დადიან, არიან სასწავლებლად, სამკურნალოდ წასულნი, ბიზნეს ვიზიტები, სხვადასხვა დელეგაციები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, უკან არ ბრუნდებიან. გეტყვით ზუსტ ციფრებს, რეალურად რამდენი დააკლდა ქვეყანას, როცა "ნაციონალური მოძრაობა" იყო ხელისუფლებაში და ვიზალიბერალიზაცია არ იყო, ანუ გაადვილებული არ იყო მოქალაქეების გასვლა, მაშინ ქვეყანაში უკან არ დაბრუნებულა 247 000 მოქალაქე", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები