13 მაისი 2024,   04:24
ვრცლად
საქართველო - რეგიონული ინოვაციური ჰაბი - პრემიერის ინიციატივით, ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიებისთვის გადასახადების განულებასთან დაკავშირებით, კანონპროექტი უკვე მზადების პროცესშია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროექტს მთავრობა უახლოეს მომავალში დააინფიცირებს. სააგენტოს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება დღეს ირაკლი კობახიძემ გახსნა და, დაგეგმილ პროექტებთან ერთად, სააგენტოს მიერ უკვე მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, საგრანტო პროგრამების ფარგლებში, დაახლოებით 38 მილიონი ლარით, 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი დაფინანსდა, შედეგად კი მათ ნახევარმილიარდიანი მოგება აჩვენეს და 3 000 ადამიანი დაასაქმეს.

პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული სამი ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულების განვითარებისთვის შესაბამისი გეგმა უკვე შემუშავებულია. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ თქვა, რომ, მთავრობის დახმარებით, საქართველოში ხელოვნური ინტელექტისა და აგროტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობა დაწყებულია, რაც საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად გაზრდის.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, მთავრობამ საგრანტო პროგრამების ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი უკვე დააფინანსა. ასევე, შეიქმნა 9 ტექნოპარკი, წელს კი, მეათე ქუთაისში გაიხსნება.

ახალი ინოვაციური ინიციატივების მნიშვნელობაზე დღეს სტარტაპ კომპანიების დამფუძნებლებმაც ისაუბრეს და თქვეს, რომ ახლადშექმნილი ბიზნესის განვითარებაში სააგენტოს პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს ჩატარდა, სადაც მიმდინარე პროექტები შეაჯამეს და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციაც გამართეს.

დღის ამბები