13 მაისი 2024,   05:05
ვრცლად
მმართველი პარტია მიმდინარე კვირას პარლამენტში "ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდის" საწინააღმდეგო პროექტის დარეგისტრირებას გეგმავს - რას ითვალისწინებს დოკუმენტი

მმართველი პარტია, მიმდინარე კვირას, საკანონმდებლო ორგანოში "ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდის" საწინააღმდეგო პროექტის დარეგისტრირებას გეგმავს. შინაარსი ჯერ უცნობია, თუმცა, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კანონპროექტი ყველა ადამიანის უფლებებს დაიცავს. იქამდე კი, ვიდრე დოკუმენტი საჯარო იქნება, მმართველი ძალა კვლავ ელოდება ამ საკითხზე ოპონენტებისგან კონკრეტულ პოზიციას.

უკვე მესამე კვირაა, ოპოზიცია საკუთარი პოზიციის გამოხატვას არ ჩქარობს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საკითხს მხოლოდ მას შემდეგ შეაფასებენ, რაც კანონპროექტი დაინიცირდება და მისი შინაარსი საჯარო გახდება.

განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპოზიციის მეორე ნაწილში, სადაც ნებისმიერი სახის პროპაგანდას უარყოფითად აფასებენ. მეტიც, გიორგი გახარიას პარტია მზადაა, პროცესში თავადაც ჩაერთოს, თუმცა მიპატიჟებას სახელისუფლებო გუნდისგან ელოდება. "გირჩში" კი, ღიად ამბობენ, რომ იდენტობის პოლიტიკა არ მოსწონთ და, ამ მიმართულებით, საკუთარი ინიციატივები აქვთ.

საპარლამენტო უმრავლესობა წინასწარ აანონსებს, რომ კანონპროექტი სრულ შესაბამისობაში იქნება კონსტიტუციის მეორე მუხლთან, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას გულისხმობს, ამბობენ, რომ, პროექტის მიხედვით, დაცული იქნება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, განურჩევლად მათი განსხვავებების, შეხედულებისა თუ ორიენტაციისა. განმარტავენ იმ მიზეზებსაც, რომელთა გამოც დღის წესრიგში ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი დადგა. მმართველმა პარტიამ დღეს სასტუმრო "ვილა მოსავალში", რამდენიმე დღის წინ, "თბილისი პრაიდის" ორგანიზებით გამართული სემინარიც გაიხსენა და თქვა, რომ არასამთავრობო სექტორი უკვე ემზადება ამ კანონპროექტის გასაპროტესტებლად.

ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი დღის წესრიგში რამდენიმე კვირის წინ დადგა, მიმდინარე სასესიო კვირას კი, მმართველი ძალა საკითხზე კანონპროექტსაც წარმოადგენს.

დღის ამბები