13 მაისი 2024,   17:05
ვრცლად
ოპოზიცია და უკრაინული დელეგაცია საქართველოს წინააღმდეგ - ჩაგდებული ინიციატივა და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ოპოზიცია და უკრაინული დელეგაცია საქართველოს წინააღმდეგ. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე ქართული ოცნების ინიციატივა რომელიც 3 ქვეყნის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციას ეხებოდა, ოპოზიციონერებმა და უკრაინულმა დელეგაციამ ერთობლივად ჩააგდეს.

სულ საჭირო იყო ათი ხმა, რეზოლუციას მხარი დაუჭირა მოლდოვის დელეგაციამ, თუმცა უკრაინისა და ოპოზიციის წევრების გამო, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს დოკუმენტს, შეუძლებელი გახადა მასზე მუშაობის გაგრძელება.

დღის ბოლოს ქართული დელეგაციის წევრებს შორის კამათი ევროკავშირის დერეფანში გაგრძელდა. გიორგი ვაშაძე ცდილობდა თავი გაემართლებინა რატომ არ მოაწერა ხელი ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ დოკუმენტს.

საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მხარდამჭერმა რეზოლუციამ დღის შუქი ვერ იხილა. “ქართულ ოცნებაში” მიზეზად ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციას ასახელებენ. რომლებიც, “ევრონესტის” საპარლამენტო ასამბლეისთვის დაინიცირებულ ტექსტს არ შეუერთდნენ. “ქართული ოცნების” დოკუმენტის რეზოლუციად ქცევასა და პლენარულ სესიაზე გატანას 10 წევრის თანასპონსორობა სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” 4-მა და მოლდოვას რესპუბლიკის სამივე წევრმა იდეას მხარი დაუჭირა - საბოლოოდ ხმები მაინც არასაკმარისი აღმოჩნდა.

რატომ არ ჰქონდა საქართველოსთვის სასარგებლო ტექსტს ოპოზიციის ხელმოწერა ? - ამ კითხვაზე დელეგაციის თითოეული წევრის პასუხი განსხვავებული იყო. გიორგი ვაშაძე ამტკიცებდა, რომ ქართული დელეგაციის ხელმძღვანელს რეზოლუციასთან დაკავშირებით მანამდე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ერთმანეთისგან განსხვავებული პასუხები ჰქონდათ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსაც.

თავად რეზოლუციის იდეა კანდიდატი ქვეყნებისთვის ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის გამოეცხადება და პროცესის დაჩქარების ხელშეწყობა იყო. დოკუმენტის მიზანი ასევე უკრაინაში რუსული აგრესიის დ საქართველოში რუსული ოკუპაციის დაგმობა იყო. ამის მიუხედავად უკრაინის დელეგაციამ თანა სპონსორობაზე უარი თქვა. მოლდოვისთვის კი ტექსტის პათოსი გადამწყვეტი გამოდგა და რეზოლუციას მხარი დაუჭირეს.

საკუთარი არგუმენტების მტკიცებულებები უკრაინის დელეგაციას მედიასთან აღარ წარმოუდგენია. შესაბამისად მმართველ გუნდში კიევის წარმომადგენლობას დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებასა და საერთაშორისო დასკვნების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ.

ოპოზიციის მხრიდან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეზოლუციაზე უარი მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის მიზნების ნათელი დასტურია. "ქართულ ოცნებაში" აღნიშნეს, რომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება რომ არა, დღეს შესაძლოა "ევრონესტის" დელეგაციის თავმჯდომარე ოპოზიციის ის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ, რომლებიც ევროპული წინსვლის რეზოლუციას მხარს არ უჭერენ.

მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ გარდა რეზოლუციის პროექტისა, ოპოზიციამ მათ რამდენიმე შესწორებასაც არ დაუჭირა მხარი.

საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და უკრაინელი ლტოლვილებისთვის გაწეულ დახმარებაზე გაკეთებულ ჩანაწერებს. თავად ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია კი ევროპარლამენტის არჩევნებამდე ბოლო შეკრება იყო, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორი საქართველო, უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსით პირველად ესწრებოდნენ.

დღის ამბები