12 მაისი 2024,   20:45
ვრცლად
თავის მართლება, თითქოს ოპოზიციის წევრებმა რაღაც არ იცოდნენ, არის სიცრუე, სამშაბათს დილით მათ უკვე ჰქონდათ ინფორმაცია პირადად ჩემგან - მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციის მიერ რეზოლუციის პროექტის ჩაგდებაზე

"საწყის ეტაპზე, ორივე დელეგაციის თანხმობა იყო და სწორედ ამიტომ მოხდა ტექსტის გაცნობა ევროპარლამენტის მხარისთვის. თავის მართლება, თითქოს ოპოზიციის წევრებმა რაღაც არ იცოდნენ, არის სიცრუე," - ეს განცხადება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა.

საუბარია ბრიუსელში "ევრონესტის" ასამბლეაზე რეზოლუციის ინიცირებაზე, რომელიც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ეხებოდა. დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ოპოზიციამ და უკრაინულმა მხარემ, რის გამოც აღნიშნული რეზოლუციის პროექტი ჩავარდა.

"ინიციატივა იყო ჩემი, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის სახელით დაგვეინიცირებინა საგანგებო რეზოლუცია "ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, რადგან ეს იყო პირველი შეხვედრა, როცა სამივე ქვეყანა კანდიდატი ქვეყანაა და სამივესთვის აქტუალურია მოლაპარაკებების დაწყება. ასევე, რა თქმა უნდა, გვინდოდა გამოგვეყენებინა ეს ტექსტი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა გაჟღერებულიყო და უკრაინის მხარდამჭერი გზავნილებიც ყოფილიყო ტექსტში.

საწყის ეტაპზე, ორივე დელეგაციის თანხმობა იყო და სწორედ ამიტომ მოხდა ტექსტის გაცნობა ევროპარლამენტის მხარისთვის. თავის მართლება, თითქოს ოპოზიციის წევრებმა რაღაც არ იცოდნენ, არის სიცრუე იქიდან გამომდინარე, რომ ტექსტი უკვე გავრცელებული იყო ორშაბათს საღამოს და სამშაბათს დილით მათ უკვე ჰქონდათ ინფორმაცია პირადად ჩემგან, რომ მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ამ რეზოლუციის პროექტზე ხელის მოწერის და შეეძლოთ, მხარი დაეჭირათ იმისათვის, რომ განხილვების შემდგომ ეტაპზე გადასულიყო და მას მოეპოვებინა ბიუროს მხარდაჭერა სამშაბათ საღამოს, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს და მთელი დღის განმავლობაში თავი შეიკავეს. უცნაური იყო უკრაინის დელეგაციის პოზიციის ცვლილებაც, რომლებმაც პირველ ეტაპზე თქვეს, რომ მხარს უჭერდნენ,"- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები