13 მაისი 2024,   11:44
ვრცლად
დასავლური ფონდები, ზოგადად, პოლიტიკურ პარტიებს ფულს არ აძლევენ, ეს მათი წესია, მაგრამ ისინი ეხმარებიან სამოქალაქო ჯგუფებს - გიგა ბოკერია

პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერის" ეთერში უცხოეთიდან დაფინანსების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დასავლური ფონდები პოლიტიკურ პარტიებს ფულს არ აძლევენ, მითუმეტეს პოლიტიკური კონკურენციის პირობებში.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მისი პარტია თანამშრომლობს "თავისუფლების ინსტიტუტთან", რომელთანაც საერთო იდეოლოგია გააჩნია.

"დასავლური ფონდები, ზოგადად, პოლიტიკურ პარტიებს ფულს არ აძლევენ, ეს მათი წესია. პოლიტიკურ პარტიებს, მითუმეტეს, პოლიტიკური კონკურენციის პირობებში, არცერთს იქნება ეს "ქართული ოცნება" თუ სხვა, პირდაპირ ფულს არ აძლევენ, მაგრამ ისინი ეხმარებიან ბევრ სამოქალაქო ჯგუფს, რომლებსაც აქვთ თავისი ინიციატივები. ჩვენთვის, "ევროპული საქართველოსთვის" ერთ-ერთი აქტიური პარტნიორი არის "თავისუფლების ინსტიტუტი", ისტორიულადაც კავშირი გვაქვს, საჯაროდაც არ ვმალავთ ამას, რა დასამალია, რა მხილება ამას უნდა. ჩვენ გვაქვს საერთო პროექტი, საერთო შეხედულებები, ეს არის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" - ქართველების გენოციდზე აფხაზეთში 90-იან წლებში რუსეთს მხრიდან, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიგნით, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელზეც გვეუბნებიან, თურმე საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლებების ბრალია რაც ჩვენ მოგვივიდა, NATO-ს გაფართოების და ევროკავშირის და არა რუსეთისო. ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია შეხსენება, რომ საერთოდ არც კი იდგა NATO-ს და ევროკავშირის გაფართოების საკითხი, მაშინ დაგვესხნენ თავს და გენოციდი მოგვიწყვეს აფხაზეთში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ამ შეცვლილი საერთაშორისო ვითარებაში ამ თემის წინ წამოწევა, რაც ადრე ვერ შევძელით, სხვადასხვა ხელისუფლებებმა, რომ გავიტანოთ ეს ამბავი გარეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმისთვის, რომ აქ რუსეთი იყო მხარე და ეს არ იყო ეთნიკური კონფლიქტი. 

ამას უნდა აკეთებდეს ხელისუფლება, რასაც ისინი არ აკეთებენ, პირიქით, ეთნიკურ კონფლიქტამდე დაიყვანეს ეს ყველაფერი. ასეთ რაღაცებს თუ იზამენ ათასი სამოქალაქო ჯგუფია, რომელსაც შეუძლია მოიძიოს თავისუფალ სამყაროში ფული. გიორგი კანდელაკი არის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში, რომლებმაც ამასწინათ უზარმაზარი სამუშაო შეასრულეს, რაც აქამდე საქართველოში არ კეთდებოდა - ჩვენი საბჭოთა ბოროტების და აგრესიის კარგად შესწავლა, ჩვენი პირველი რესპუბლიკის, რომელიც სამაგალითო უნდა იყოს ჩვენთვის, მომავლისთვის ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ ახლა ძალიან საინტერესო კვლევა გააკეთეს იმ რუსული და საბჭოთა პროპაგანდის საპირისპიროდ, რაც ათწლეულია ჩვენ ჩაქუჩით გვირტყამდნენ, რომ ვითომ იქ პრობლემები თავიდანვე იყო ეთნიკურ ქართველებსა და აფხაზებს შორის და ეს იყო მთავარი ძირი. გამოიკვლიეს ის, რა ხდებოდა პირველ რესპუბლიკაში, როგორ მოხერხდა, რომ მაშინ აფხაზეთის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული სახელმწიფოს ნაწილი იყო.

ლაზარეს 12 მსაჯულზე, რომელსაც ყველას მოვუწოდებ რომ ნახონ, როგორ უნდა იმუშაოს კარგმა სასამართლომ , როგორიც არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მანდ არ ყოფილა სხვა ორგანიზაციებიდან ფინანსური მხარდაჭერა, ეს არის "ევროპული საქართველოს" რესურსებით გაკეთებული.

ამ ხელისუფლებისგან С ჰეპატიტზე რამდენჯერ გაგიგიათ, რომ ჩვენ ეს გავაკეთეთო? ვისი ფულით იყო ეგ იცით?! ამერიკული ფულით. ჩვენი მტერი ვინ არის?! ამერიკაო ამას პირდაპირ ჯერ ვერ იძახიან, მათ მოკავშირეებს ათქმევინებენ, რომ მტერიაო , თორემ თვითონ ჯერ ვერ ბედავენ, ბუნდოვანება უნდათ. ჩვენი მტერი არის რუსეთი, რუსეთიდან დაფინანსებულ ჯგუფებზე რამე გაგიგიათ განგაშის ზარი ამ ხელისუფლებისგან?! "პრიმაკოვის ფონდი", "გორჩაკოვის ფონდი", მთელი ეს ჯგუფები, რომელიცაღა მოსკოვში დადიან ღიად, ამაზე არა თუ წუხილს არ გამოთქვამს ეს მთავრობა , ირკვევა, რომ ამ ჯგუფების წარმომადგენლების პირდაპირ დაფინანსებაში უწყობენ ხელს , ეს საჯარო ინფორმაციაა ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები