13 მაისი 2024,   15:05
ვრცლად
თუ ვინმეს გაუკვირდა "ნაცმოძრაობის" დესტრუქცია, მე არ გამკვირვებია, ვიღაცას შეიძლება უკეთესი მოლოდინი ჰქონდა - ანა ბუჩუკური ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე ჩავარდნილ ინიციატივაზე

რატომ არ დაუჭირა მხარი ოპოზიციამ ევრონესტის ასამბლეაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეზოლუციის დაინიცირებას - ნაწილი, მიზეზად, კომუნიკაციის ნაკლებობას ასახელებს, ნაწილი კი ამბობს, რომ ტექსტი რეალობას იყო აცდენილი.

გიორგი გახარიას გუნდის წევრების შეფასებით, გასაკვირი არაა "ნაციონალური მოძრაობის" დესტრუქციული ქმედებები. ანა ბუჩუკურის თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაციაზე მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა ერთად უნდა იმუშაოს.

"თუ ვინმეს გაუკვირდა "ნაცმოძრაობის" დესტრუქცია, მე არ გამკვირვებია. ვიღაცას შეიძლება უკეთესი მოლოდინი ჰქონდა, "ოცნებას" შეიძლება უკეთესი მოლოდინი ჰქონდა. ვერც ხელისუფლება, ვერც ოპოზიცია, ვერც სამოქალაქო საზოგადოება ასე ცალ-ცალკე, რასაც ჰქვია ეროვნული დონის ამოცანა, რაც შეიძლება სწრაფად გახდეს საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ცალ-ცალკე ამას ვერ ვიზამთ. ყველა ყველაფერი ერთად მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ, იმისთვის რაც შეიძლება სწრაფად გავხადოთ ეს ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი, იმიტომ რომ იმსახურებს," - აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.

ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა საერთაშორისო პარტნიორების დელეგაციის 10 დეპუტატის მობილიზაცია იმისთვის, რომ რეზოლუციის ინიციირება მომხდარიყო.

ცნობისთვის, ბრიუსელში "ქართული ოცნების" ინიციატივა ოპოზიციამ და უკრაინულმა დელეგაციამ გუშინ ჩააგდო. საჭირო იყო 10 ხმა, რეზოლუციის პროექტს კი მხარი "ოცნებასთან" ერთად, მხოლოდ მოლდოვის დელეგაციამ დაუჭირა. რეზოლუციის ტექსტი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის მხარდაჭერას და პროცესის დაჩქარების ხელშეწყობას ეხებოდა.

დღის ამბები