13 მაისი 2024,   16:45
ვრცლად
"თუ ვინმე იმსახურებს ამ გამორჩეულ ჯილდოს, არის ილია თოფურია" - ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონის ღირსების ორდენზე წარდგენის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს.

ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა, კანონით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, შესაბამისი წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტს უკვე მიმართეს.

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას მიესალმება და ეთანხმება. ადმინისტრაციის ცნობით, როგორც გუშინ იქნა შეთანხმებული ილია თოფურიასთან, მისი დაჯილდოების ცერემონია დღეს, ორბელიანების სასახლეში 19:00 საათზე ჩატარდება. პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით მნიშვნელოვანია ილია თოფურიას დაუფასდეს ის ღვაწლი, რაც მან თავისი შრომით მოიპოვა.

"თუ ვინმე იმსახურებს ამ გამორჩეულ ჯილდოს არის ილია თოფურია, შესაბამისად, მე და პარლამენტის თავმჯდომარემ მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ღირსების ორდენის გაცემასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას წარდგინების საფუძველზე იმისათვის, რომ ილია თოფურიას სათანადოდ დავუფასოთ ძალიან დიდი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე, რაც მან მოიპოვა თავისი შრომით, თავისი პატრიოტიზმით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ აქტის განხორციელება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები