13 მაისი 2024,   01:11
ვრცლად
ოპოზიციის უარი საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციაზე - რატომ არ დაუჭირა მხარი ოპოზიციამ ევრონესტის ასამბლეაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეზოლუციის დაინიცირებას

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ოპოზიციის წარმომადგენლებს ტყუილში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. სწორედ ქართული ოპოზიციისა და უკრაინის უარის გამო ჩავარდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხარდამჭერი რეზოლუცია. მაკა ბოჭორიშვილმა დღეს ყველა იმ დეტალზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ ოპონენტები დოკუმენტის ინიციირების შესახებ ინფორმირებულები იყვნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს ვერ უარყვეს, რომ რეზოლუციის ტექსტში ცვლილებების შეტანა უნდოდათ, თუმცა ამტკიცებენ, რომ დოკუმენტს ხელი დროის სიმცირის გამო არ მოაწერეს.

საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მხარდამჭერი ტექსტის რეზოლუციად ქცევას 10 წევრის თანასპონსორობა სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" ოთხმა და მოლდოვის სამივე წევრმა ინიციატივას მხარი დაუჭირა, ხმები არასაკმარისი აღმოჩნდა. "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორი პარტიის ლიდერი, რომელიც გუშინ ამტკიცებდა, რომ რეზოლუციასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ იყო დღეს ამბობს, რომ მმართველი გუნდის წარმადგენლებს ხმების შეგროვება ევრონესტის სხვა წევრებისგან შეეძლოთ.

სახელისუფლებო პარტიაში ოპონენტებს განუმარტეს, რომ ხმების მობილიზების პრობლემა არ ჰქონიათ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციაზე ოპოზიციის ხელმოწერა იყო მნიშვნელოვანი. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ იმასაც, რომ, ოპოზიციისგან განსხვავებით, საქართველოს ევროპარლამენტში არაერთი მომხრე ჰყავს და ეს კონკრეტული შესწორებების მხარდაჭერაშიც დადასტურდა.

ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე, რეზოლუციის ჩავარდნას განსხვავებულად აფასებენ თბილისში, ოპოზიციის წარმომადგენლები. ნაწილი კოლეგების გამართლებას ცდილობს, მეორე ნაწილს კი ”ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილება არ უკვირს.

ბრიუსელში, ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების მოქმედებას პრემიერ-მინისტრმა და მმართველი პარტიის ლიდერებმა ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი უწოდეს. განაცხადეს, რომ რეზოლუციის ჩავარდნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კონკრეტული ოპოზიციური პარტიები საქართველოს ევროპული ინტეგრაციას არ ლობირებენ.

მმართველ პარტიაში თქვეს ისიც, რომ, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის ჩაგდების გარდა, ოპოზიციამ ბრიუსელში არც სხვა შესწორებებს დაუჭირა მხარი. საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებსა და უკრაინელი ლტოლვილებისთვის გაწეული დახმარების შესახებ დოკუმენტის შესწორებებზე.

დღის ამბები