13 მაისი 2024,   07:58
ვრცლად
ოპოზიცია ბრიუსელში, არასამთავრობო სექტორი თბილისში - მტკიცებულებისა და კონკრეტული ფაქტების გარეშე, მესამე სექტორში გადასული ყოფილი ომბუდსმენი ამტკიცებს, რომ საქართველო რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება

სახელისუფლებო გუნდი "დემოკრატიის კვლევითი ინსტიტუტის" მოსაზრებას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად მიიჩნევს. წერილში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ვკითხულობთ, რომ საქართველო რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება. ეს მოსაზრება კი, მმართველი პარტიის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება და დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია.

"ქართულ ოცნებაში" აქცენტს კიდევ ერთ საკითხზე აკეთებენ - პარტიაში ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ამერიკისა და ევროპის დემოკრატიის ეროვნული ფონდები აფინანსებენ, ამას კი მესამე სექტორი ქვეყნის წინააღმდეგ იყენებს. სახელისუფლებო გუნდი მოითხოვს, პარტნიორი ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციებისგან საქართველოში დახარჯული თანხები გამჭვირვალე იყოს.

თავად დემოკრატიის კვლევით ინსტიტუტში მათ მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებას ანტისახელმწიფოებრივად არ მიიჩნევენ. ყოფილი ომბუდსმენი, უჩა ნანუაშვილი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელია, ამბობს, რომ უცხოური დაფინანსება და მათი ნაშრომები ერთმანეთთან კავშირში არ არის.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება, ის ბრალდება კი, რომელსაც უჩა ნანუაშვილი ქვეყანას უყენებს, დეპუტატების თქმით, უმძიმესია და თან - უარგუმენტო.

"ხალხის ძალას" ახლა ის აინტერესებს, იციან თუ არა საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა, რომ ფინანსურ მხარდაჭერას მესამე სექტორი მსგავსი დეზინფორმაციისთვის იყენებს. "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს" რამდენიმე საერთაშორისო დონორი აფინანსებს, მათ შორისაა ამერიკისა და ევროპის დემოკრატიის ეროვნული ფონდები, სოროსის ფონდი, ჰოლანდიის საელჩო და USAID-ი.

ოპოზიციის ნაწილი დემოკრატიის კვლევითი ინსტიტუტის ბრალდებებს ქვეყნისთვის საზიანოს უწოდებს, თუმცა, ოპონენტებს კითხვები მესამე სექტორის დაფინანსებაზე არ აქვთ. ამბობენ, რომ მათი ფინანსები ისედაც გამჭვირვალეა.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ირიბი გზებით მიღებულ თანხებს არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური და ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისთვის იყენებს. "ქართულ ოცნებაში" დღეს თქვეს, რომ მსგავსი რიტორიკა არაფერია, თუ არა - მტრული პოზიცია ქვეყნის მიმართ.

შეფასებას აკეთებს პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უჩა ნანუაშვილის არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრება დეზინფორმაციის ნათელი და ღია მაგალითია.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი", 2018 წელს, საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა - უჩა ნანუაშვილმა დააარსა. ორგანიზაციის მიზნების ჩამონათვალშია ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფო მმართველობის დამკვიდრება და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობა. ნანუაშვილის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო დონორებთან.

დღის ამბები