02 ივნისი 2024,   03:52
ვრცლად
ყველაზე მასშტაბური დარტყმა ენერგოსისტემაზე 2-წლიანი ომის განმავლობაში - უკრაინაში, მილიონი ადამიანი უკვე 12 საათია ელექტროენერგიის გარეშე რჩება

კახოვკის შემდეგ - რუსმა ოკუპანტებმა მიზანში უკვე დნიპროჰესი ამოიღეს. ჰიდროელექტროსადგურის მისამართით, აგრესორმა 8 რაკეტა გაისროლა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაზიანებულია პირველი და მეორე ბლოკები. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა ტროლეიბუსს, რომელსაც ჰესის თანამშრომლები გადაჰყავდა. მსხვერპლის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

კატასტროფის თავიდან არიდებას ცდილობენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. ოკუპანტის ინტენსიური იერიშის შედეგად, ობიექტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. უკიდურესად მძიმეა ვითარება ოლქის დასახლებებში. დრონებით და რაკეტებით, კომბინირებული შეტევის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, მძიმე მდგომარეობაშია -14. სრულად განადგურდა 40 კერძო სახლი. ადგილზე 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

ენერგეტიკის სფეროს გარდა, პარტნიორების დახმარება უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების კუთხით სჭირდება. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ შემთხვევაში რადიკალურად შეიცვლება, როგორც დანაკარგი მშვიდობიან მოსახლეობაში, ისე სტრატეგიული ობიექტების თვალსაზრისით.

კიდევ ორი მშვიდობიანის სიცოცხლე დაასრულა რუსეთის აგრესიულმა შეტევამ ხმელნიცკში. 16 სამოქალაქო პირი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით, საავადმყოფოშია გადაყვანილი. 3 ადამიანი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. სარაკეტო იერიშის შედეგად, აფეთქებულია საცხოვრებელი სახლები, კომერციული ობიექტები და საბავშვო ბაღის შენობა. ნანგრევებში გადარჩენილებს ამ დრომდე ეძებენ. აგრესიის დაწყებიდან პირველად, კრემლმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს "ომი" უწოდა.

ომის ცხელ ფაზას უკრაინა ზაფხულში ელოდება. სახმელეთო ჯარების მეთაური ამბობს, რომ საოკუპაციო ძალა 100 000-მდე ჯარისკაცის დაჯგუფებას ამზადებს. გენერალი ვარაუდობს, რომ მასშტაბური შეტევა 3-4 თვეში დაიწყება.

დღის ამბები