18 ივნისი 2024,   23:21
ვრცლად
ჩვენ დავადგენთ და დავსჯით ყველას, ვინც ტერორიზმის უკან დგას, ვინც ეს ბოროტება განახორციელა ჩვენი ერის წინააღმდეგ - პუტინი

24 მარტი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და დაღუპულთა ახლობლებს მიუსამძიმრა. ვლადიმერ პუტინი თავდასხმას "სისხლიან და ბარბაროსულ" ტერაქტს უწოდებს.

"მოსკოვსა და მის შემოგარენში, ასევე ქვეყნის ყველა რეგიონებში, შემოღებულია დამატებითი ანტიტერორისტული ზომები. ახლა მთავარია, ამ სისხლიანი სასაკლაოს უკან მდგომებს არ მივცეთ საშუალება, ჩაიდინონ ახალი დანაშაულები.

რაც შეეხება გამოძიებას, ამ დროისთვის შეიძლება ითქვას, რომ ოთხივე ტერორისტი, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ამ ტერაქტში და პირადად ესროდა ადამიანებს - ნაპოვნი და დაკავებულია. ისინი ცდილობდნენ მიმალულიყვნენ და უკრაინის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, უკრაინული მხრიდან, მათთვის მომზადებული ჰქონდათ ერთგვარი ფანჯარა უკრაინის ტერიტორიაზე გადასასვლელად. სამართალდამცველი ორგანოები მუშაობენ ამ დანაშაულის ყველა დეტალის გამოსავლენად, თუმცა უკვე ფაქტია, რომ საქმე გვაქვს წინასწარ ორგანიზებულ და ცინიკურად დაგეგმილ ტერაქტზე, რომლის მიზანიც უდანაშაულო, დაუცველი ადამიანების მასობრივ მკვლელობა იყო. დამნაშავეები მიზანმიმართულად და ცივსისხლიანად მიემართებოდათ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ბავშვების დასახოცად.

როგორც ნაცისტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკეთებდნენ, მათაც ჩაიფიქრეს განეხორციელებინათ საჩვენებელი მკვლელობა - დაშინების სისხლიანი აქტი. ამ დანაშაულის ყველა შემსრულებელი, ორგანიზატორი და დამკვეთი გაიზიარებს სამართლიან და გარდაუვალ სასჯელს, ვინც არ უნდა იყვნენ და ვისაც არ უნდა მოემართა ისინი.

ჩვენ დავადგენთ და დავსჯით ყველას, ვინც ტერორიზმის უკან დგას, ვინც ეს ბოროტება განახორციელა ჩვენი ერის წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ტერორიზმის საფრთხე და ვიმედოვნებთ სხვა სახელმწიფოების თანამშრომლობაზეც, რომლებიც მზად არიან საქმით უპასუხონ საერთო მტერს - საერთაშორისო ტერორიზმს. ტერორისტები არ არიან ადამიანები, მათ არ აქვთ და ვერ ექნებათ ეროვნება და ამოძრავებთ მხოლოდ ერთი - შურისძიების სურვილი. მათ არ აქვთ მომავალი.

ჩვენი, მათ შორის ბრძოლის ველზე, ჩვენი სამხედროებისა და ასევე რიგითი მოქალაქეების ვალია, ვიდგეთ ერთად. მჯერა, ასეც იქნება, რადგან ვერავინ შეარყევს ჩვენს ერთობას, ნებისყოფას, სიმტკიცესა და გამბედაობას, ჩვენს ძალას - ვერავინ მოახერხებს დათესოს შუღლის, პანიკისა და დაყოფის შხამიანი მარცვალი ჩვენს მრავალეროვან საზოგადოებაში. ჩვენ ბევრი აუტანელი გამოცდა გაგვივლია, მაგრამ ამით უფრო ძლიერები გავხდით - ახლაც ასე იქნება,"- განაცხადა პუტინმა.

დღის ამბები