12 მაისი 2024,   14:44
ვრცლად
უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში - რა კავშირი აქვთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

სახელისუფლებო გუნდი ამერიკული და ევროპული ფონდებისგან არასამთავრობო ორგანიზაციებში გადმორიცხული თანხების გამჭვირვალობას ითხოვს. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში ენჯეოების გავლით შემოდის, რაც კანონით აკრძალულია. უმრავლესობის ლიდერები, "ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდის" და ორგანიზაცია "ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის" ხელმძღვანელებს ფინანსური ტრანშების გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მათი დონორებისა და დაფინანსების შესახებ ინფორმაცია საჯაროა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდის განცხადებების მიზანი, მესამე სექტორის რეპუტაციის შელახვაა.

"ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდი" არაერთ ქართულ ორგანიზაციას აფინანსებს -  ჩამონათვალში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც არიან. მათ შორისაა გიორგი გახარიას გუნდის წევრის, ნათია მეზვრიშვილის და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის - გიორგი კანდელაკის ორგანიზაციები. უცხოური ფული ირიცხება, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ დაფუძნებულ "ინოვაციების და განვითარების ფონდშიც." პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ორგანიზაციას აფინანსებს სხვადასხვა ქვეყნის საელჩო, მათ შორის ამერიკის, ნიდერლანდებისა და პოლონეთის. "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე კი "ევროპის ფონდის" პროგრამის მენეჯერია, რომელსაც ევრაზიის ფონდი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და სხვა დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ მესამე სექტორის გავლით ქართულ პოლიტიკაში შემოსული ფული ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისთვის იხარჯება. უმრავლესობა დღეს მარტის მოვლენებს კიდევ ერთხელ იხსენებს, რომელიც "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მოყვა.

ამერიკულ და ევროპულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გაცემული გრანტების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუსაჯაროებიათ.

დღის ამბები