18 მაისი 2024,   13:33
ვრცლად
"დამეწყო შეშუპება, გაიხსნა ნაკერი და წამოვიდა სითხე..." - რას ჰყვებიან პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი პაციენტები

ბრძოლა სილამაზისთვის, რომელიც კრახით სრულდება და ისტორიები, რომელსაც პლასტიკური ქირურგიისა თუ კოსმეტოლოგიური ინიექციის მსხვერპლი პაციენტები ყვებიან - პლასტიკური ქირურგია თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმდინარეობაა.

ადამიანებს სურთ უფრო ლამაზად და ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ და ამაში ერთი შეხედვით ცუდიც არაფერია, თუმცა, ყველა ოპერაციას და ინიექციას თან რისკიც ახლავს. არსებობს შემთხვევები, როდესაც ქუთუთოს კორექციას, ნაოჭების გასწორებას, ცხვირის, ტუჩისა და მკერდის კორექციას მძიმე შედეგები მოჰყოლია.

"კურიერი P.S.-ის" რესპონდენტები ესთეტიკური მედიცინის არასასიამოვნო გამოცდილებებზე საუბრობენ. ერთ-ერთმა დაზარალებულმა, რომელიც იტალიაში ცხოვრობდა, ექიმის რეკლამა სოციალურ ქსელში ნახა, დაუკავშირდა და ოპერაციაც დაგეგმა.

"ბლეფაროპლასტიკა მინდოდა, ვიცოდი, რომ მარტივ ოპერაციას ვიკეთებდი, [პლასტიკური ქირურგი, ციცინო შურღაია] არ ვიცოდი ვინ იყო, სოციალურ ქსელში ვნახე რეკლამა და მივწერე. ჩამოვედი და მაშინვე გავიკეთე ეს ოპერაცია. როგორც კი გამწერა კლინიკიდან, დამეწყო შეშუპება, მერე გაიხსნა ნაკერი და წამოვიდა სითხე. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, არ შეგეშინდესო... ეს სითხე შპრიცით ამომიღო. მერე წავედი იტალიაში, სადაც ვერავინ გაიგო რა გამიკეთეს. დააზიანა ქსოვილები. ვუგზავნიდი ხმოვან შეტყობინებას, რომ დამინიშნეთ რამე წამალი, ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ აღარ მპასუხობდა. ვერ ვიტყვი, რომ სპეციალურად გამიკეთა ან მანამდე წარმატებული ოპერაციები არ ჰქონდა ამ ქალს, მაგრამ რომ შეეშალა ხომ უნდა აღიაროს და ყურადღება გამოიჩინოს," - ამბობს დაზარალებული.

თავად პლასტიკური ქირურგი ოპერაციას წარუმატებლად არ მიიჩნევს.

ამ შემთხვევაში ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა უკვე ოფიციალური დავის ფორმატში გადავიდა. ახალა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა ექიმის შეცდომა წარუმატებელი ოპერაციის მიზეზი.

თანამედროვე სამყაროში ვიზუალის ცვლილება პლასტიკური მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა, ამ მიმართულებას ჰყავს როგორც დაზარალებული, ისე კმაყოფილი პაციენტები, ამიტომ სილამაზე ყოველთვის მსხვერპლს არ მოითხოვს, თუმცა მოითხოვს სიფრთხილეს.

დღის ამბები