20 მაისი 2024,   23:48
ვრცლად
ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერი გრანტებით მაქსიმალურად შეეცდებიან საკითხის ირგვლივ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვიონ - კახა კალაძე

მაქსიმალურად შეეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროტესტის გამოწვევას, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ ტელევიზიაში ლგბტ პროპაგანდის დასაფინანსებლად თანხები მიემართება.

თბილისის მერის განმარტებით, საქართველოში ყველა ადამიანის უფლება, მიუხედავად მათი ორიენტაციისა თუ სარწმუნოებისა, არის დაცული.

"უმრავლესობის კანონპროექტი "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" არის უბრალოდ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ოპოზიციიდან ნაწილმა შეიძლება, დაუჭიროს მხარი მას, ვიღაცამ შეიძლება არა. მაქსიმალურად შეეცდებიან, საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ ამ საკითხის ირგვლივ, შეეცდებიან, რომ ხელოვნურად გამოიწვიონ პროტესტი. ამ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლებები, მიუხედავად მათი ორიენტაციისა თუ სარწმუნოებისა, არის დაცული," - განაცხადა კახა კალაძემ.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი ეთანხმება ოპოზიციას, რომ გრანტი მიზნობრიობის გარეშე არ არსებობს, თუმცა, ვოლსკის შეფასებით, "ფაქტია, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერისთვის გამოყოფილი გრანტი არის მნიშვნელოვანი ნაწილი იმ გრანტებისა, რომელიც იქნება კონკრეტული ტელევიზიებისთვის გამოყოფილი."

ცნობისთვის, მმართველი პარტიის ინფორმაციით, საქართველოში დიდი ფული შემოდის, როგორც სასამართლოს წინააღმდეგ, ასევე, ოჯახის ინტერესების დაცვის საპირისპირო მოქმედებებისთვისაც. მათივე განცხადებით, ამის ერთ-ერთი დასტურია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლგბტ თემების პროპაგანდისთვის "მთავარ არხს" გრანტი დაუმტკიცდა. ნიკა გვარამია ამტკიცებს, რომ ტელეკომპანიის მიერ მიღებულ გრანტს ლგბტ პროპაგანდასთან კავშირი არ აქვს და მას მიზნობრიობა არ გააჩნია. ეს კი მმართველ გუნდს კიდევ უფრო მეტს ეჭვს და შეკითხვას უჩენს.

 
დღის ამბები