21 მაისი 2024,   01:58
ვრცლად
თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალებს არ მიეცემათ საშუალება თავისი მოსაზრებები და ინტერესები დაიცვან, ჩათვალეთ, რომ ისინი რჩებიან სრულიად დაუცველები - ბაია პატარაია

პარლამენტმა პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმების საკითხის განხილვა დაიწყო. თემაზე უკვე იმსჯელა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, სადაც დეპუტატებს შორის იყო კამათი. ოპოზიციონერი ქალები ინიციატიავს არ ეთანხმებიან.

"გირჩსა" და "ქართულ ოცნებას" შორის შეთანხმება შედგა. უმრავლეობა "გირჩის" ინიციატივას მხარს დაუჭერს, ოპოზიციური პარტია კი, სანაცვლოდ, ხმას მისცემს მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს.

საკითხს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. "საფარის" აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია აცხადებს, რომ თუ ქალებს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მიეცემათ საშუალება საკუთარი ინტერესები დაიცვან, ქალები სრულიად დაუცველები რჩებიან.

"ქალთა უფლებები დგას ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე. თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალებს არ  მიეცემათ საშუალება, რომ თავისი მოსაზრებები და ინტერესები დაიცვან, ჩათვალეთ, რომ ისინი რჩებიან სრულიად დაუცველები.

ჩვენ არჩევნების დღემდე დავიწყეთ და გავაგრძელებთ კამპანიას, რომელიც ორიენტირებული იქნება ქალ-ამომრჩევლებზე და შევეცდებით, რომ მივწვდეთ ყველა ქალს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ, შევახსენოთ, რომ არჩევნების დღეს წყდება მათი ბედი", - აცხადებს ”საფარის” აღმასრულებელი დირექტორი ბაია  პატარაია.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში" მიაჩნიათ, რომ თუ გაუქმდება გენდერული კვოტირება, უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება ქალთა უფლებების დაცვასა და ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაში.

"თუ გაუქმდება გენდერული კვოტა, ეს იქნება ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი ქალთა უფლებების დაცვაში და ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაში იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ ჩვენ თანასწორობისგან, 125-ე ადგილზე არის საქართველო ქალების პარლამენტში მონაწილეობით. ეს ცხადია ძალიან ნეგატიურად აისახება როგორც ქალთა უფლებებზე, ასევე ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესში იმიტომ, რომ ვიცით, რომ ევროპაში, სადაც ჩვენ გვინდა რომ შევიდეთ, თანასწორობა არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი", - აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.

 

დღის ამბები