19 მაისი 2024,   05:42
ვრცლად
2023 წლის მდგომარეობით, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი იმისათვის, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა გამოსწორდეს - ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიში გამოქვეყნდა. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური საპარლამენტო ანგარიში 386 გვერდიანია. დოკუმენტში საუბარია ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პროგრესზე.

მიმოხილულია გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა. ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოკუპაციას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს - საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასა და დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობის უშუალო მონაწილეთა დაუსჯელობას, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

ომბუდსმენის შეფასებით, გასული წლების მსგავსად, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა და არაფორმალური მეთოდებით მმართველობის ცალკეული შემთხვევები. ომბუდსმენი წერს, რომ წლების განმავლობაში ნარჩუნდება ფემიციდის კუთხით არსებული გამოწვევები.

"გახშირებული უკანონო პატიმრობის შემთხვევები, საკუთრების უფლების დარღვევა საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ყოფის ნაწილია, თითქმის უწყვეტია საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. 2023 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის გადასადგმელი იმისათვის, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა გამოსწორდეს და მიუახლოვდეს იმ სტანდარტებს, რა სტანდარტებიც არის ევროკავშირის ქვეყნებში", - განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები