20 მაისი 2024,   23:32
ვრცლად
შიდა ნეგატიური პიარისთვის გამოიყენეს ეს ამბავი, რათა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების დისკრედიტაცია მოეხდინათ - მამუკა მდინარაძე  უცხოური მედიის ჟურნალისტურ გამოძიებაზე

უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტური გამოძიება შეაფასა, რომელიც რუსული სპეცსამსახურების მიერ აშშ-ის მოქალაქეებზე აკუსტიკური იარაღით თავდასხმას ეხებოდა, მათ შორის, საქართველოშიც.

მისი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზიებმა ეს ამბავი ქართული სპეცსამსახურების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს, თუმცა საქმესთან დაკავშირებით გამოძიებაც კი არ არის დაწყებული.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში თუ რამე კვლევა და შეფასება გავრცელდა ქართულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, არანაირი კითხვის ნიშანი ამ მიმართულებით არ არის და ქართული სპეცსამსახურები უზრუნველყოფენ, რომ ქვეყანა მსოფლიოში მოწინავეთა რიგში იყოს.

"შემთხვევითი ვერანაირად ვერ იქნება ის ამბავი, რომ წარსულში ამერიკის საელჩოში მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით მომუშავე ადამიანი გახდა ინტერესის ობიექტი. გუშინ რაღაც ჟურნალისტური გამოძიებებიც დაგვეწია, რომ დიპლომატის მეუღლეს წამლავდნენ რუსები საქართველოშიო. შიდა ნეგატიური პიარისთვის გამოიყენეს "ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებმა ეს ამბავი, რათა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების დისკრედიტაცია მოეხდინათ. ბოლო პერიოდში თუ რამე კვლევა და შეფასება გავრცელდა ქართულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, არანაირი კითხვის ნიშანი არ არის, ყველა სიტყვა არის საქებარი და აღიარება. ქართული სპეცსამსახურები უზრუნველყოფენ, რომ მოწინავეთა რიგში ვიყოთ მსოფლიოში. რაღაც ხომ სჭირდებოდათ და მაინცდამაინც მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ვინც იყო, ამ ადამიანთან დაკავშირებით გამოაგდეს რაღაც. შემოვიდა გარედან ინფორმაცია და კაციშვილმა არ გადაამოწმა არც პროკურატურაში, არც ამერიკის საელჩოში. ელემენტარულად, ეჭვიც რომ ყოფილიყო ცოტა სერიოზული, გამოძიება ხომ დაიწყებოდა? კაცმა არ იკითხა, გამოძიება დაიწყო თუ არა. გამოძიებაც კი რომ არ არის დაწყებული, ასეთ სისულელეზე მთელი დღე ურტყამდნენ გუშინ ქართულ სპეცსამსახურებს. მიხეილ სააკაშვილის დროს გასამართლებულია იმ პირის ოჯახის წევრი, ვის მოწამვლაზეც საუბრობენ. სწორად არის თუ არა გასამართლებული, ვერ ვიტყვით. ისეთი ჩახლართული ამბავია და ისეთი ბოროტებაა, მეტი არ შეიძლება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, The Insider-ის, PBS-ისა და Der Spiegel-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება აღწერს რამდენიმე შემთხვევას, სადაც საუბარია, რომ ამერიკელმა დიპლომატებმა და FBI-ის თანამშრომლებმა, ასევე მათი ოჯახის წევრებმა, ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. რუსეთის თავდასხმა ამერიკელ დიპლომატებსა და "ეფბიაი-ს" აგენტებზე აკუსტიკური იარაღით, - ამ შინაარსის ერთობლივ ვრცელ საგამოძიებო მასალას "შპიგელი", "ინსიადერი" და "სიბიესი" ავრცელებენ.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, "ჰავანის სინდრომი", ჯანმრთელობის ანომალიური ინციდენტები", რუსეთის სპეცსამსახურების საიდუმლო ოპერაციების შედეგია.

მწვავე თავის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა - ეს იმ სიმპტომების მცირე ჩამონათვალია, რასაც აკუსტიკური იარაღის გამოყენება ადამიანებში იწვევს. სტატიაში ნათქვამია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, ჩინეთში, კუბასა და საქართველოში ამერიკელი დიპლომატები რუსეთის სამიზნე გახდნენ.

დღის ამბები