20 მაისი 2024,   22:03
ვრცლად
ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობთ, ატყუებთ მოქალაქეებს და ეს აბსურდი ემსახურება ერთადერთ მიზანს, მოახდინოთ არჩევნების დისკრედიტაცია - მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციას

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა არჩევნების პროცესში ემიგრანტების ჩართულობა განიხილეს. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" წევრი, ხატია დეკანოიძე ხელისუფლების მხრიდან გულგრილ დამოკიდებულებაზე საუბრობს. 

"მინდა შევახსენო კოლეგებს, რომლებიც ამბობენ, რომ თურმე მათი მმართველობის პერიოდში ემიგრაცია პრობლემა არ არის. ადამიანი, რომელიც მართლაც პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს იმას, რომ ყველა საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს იმის შანსი, რომ მისცეს ხმა, დააფიქსიროს საკუთარი კონსტიტუციური უფლება, ამ ადამაინებს ეუბნება, რომ ჩამობრძანდით საქართველოში და ისე მიეცით ხმაო, რადგან ჩვენ არ ვართ ვალდებული, ყველგან გავხსნათ საარჩევნო ყუთებიო. ასეთი გულგრილი და აგდებული დამოკიდებულება გაქვთ თანამოქალაქეების მიმართ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი კი, ოპოზიციის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელებასა და სპეკულაციაზე საუბრობს. 

"შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, არჩევნების და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც ჯერ კიდევ 4 წლის წინ უსაფუძვლო ბოიკოტით დაიწყო, ახალ ეტაპზე გადავიდა. რას ემსახურება ცრუ განგაში საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, რომელსაც არ წყვეტთ მიუხედავად არაერთი განმარტებისა და პირიქით, ახალ-ახალ სიმაღლეებს იპყრობთ ყოფილი თუ მოქმედი პრეზიდენტების ჩართვით ამ სიყალბეში.

არჩევნების ჩატარებას აქვს თავისი წესი და საგარეო საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუქმნია პრობლემა ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის არჩევნების ადმინისტრირების პროცესში. არჩევნებზე 2018 წელს, დაახლოებით 50 000 ამომრჩევლისთვის გაიხსნა 52 საარჩევნო უბანი. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცით, მაგრამ დაკავებული ხართ იმით, რომ ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობთ, ატყუებთ მოქალაქეებს, წინასწარ უნერგავთ უნდობლობას და ეს აბსურდი ემსახურება ერთადერთ მიზანს, გააჩინოთ არასწორი აღქმები და მოახდინოთ არჩევნების დისკრედიტაცია", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას თქმით კი, ემიგრანტების თემით მანიპულირება გრძელდება.

"სამწუხაროდ გრძელდება ემიგრანტების თემით მანიპულირება, ახლაც კი მომსწრე გავხდით. როზნერის შედგენილი მესიჯ ბოქსი ვირუსულად გრძელდება. ვისურვებდი, რომ დიასპორა იყოს უფრო აქტიურად ჩართული საარჩევნო პროცესში და აქ არ დავმალავ და გარდა სახელმწიფოებრივი ინტერესისა, მაქვს პარტიულ ინტერესიც, მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი საამაყო დიასპორაც მიიღებს მონაწილეობას ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაში ქვეყნის მავნებლებისგან გათავისუფლებისგან საქმეში,“ - აცხადებს ბექა ოდიშარია.

 

 

 

დღის ამბები