20 მაისი 2024,   18:27
ვრცლად
მოველი, რომ პრეზიდენტი ხელს შეუწყობს იმ ცრუ ნარატივების გავრცელებას, რასაც უკვე ცდილობენ ჩვენი ოპონენტები კანონპროექტთან დაკავშირებით - მაკა ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხელს შეუწყობს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე იმ ცრუ ნარატივების გავრცელებას, რასაც უკვე ცდილობენ ხელისუფლების ოპონენტები.

მისივე თქმით, ამ კანონს არანაირი კავშირი არ აქვს რუსულ კანონთან.

"სალომე ზურაბიშვილი ბოლო პერიოდში ძალიან გამოკვეთილად დგას ოპოზიციური ფლანგის მხარეს და, ფაქტობრივად, დგას ხელისუფლების ოპოზიციაში. მოველი, რომ მისი განცხადებაც ამ სულისკვეთებით იქნება და, ალბათ, ხელს შეუწყობს იმ ცრუ ნარატივების გავრცელებას, რომელსაც უკვე ცდილობენ ჩვენი ოპონენტები კანონპროექტთან დაკავშირებით.

ამ კანონის მიზანს არაფერი საერთო არ აქვს რუსულთან - ამ კანონს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა ჰქონდეს ინფორმაცია იმ ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების შესახებ, რომლებიც ქართულ პოლიტიკაზე ახდენენ გავლენას ან არიან პოლიტიკის მონაწილენი,"- აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

ცნობისთვის, დღეს გაირკვა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს უმრავლესობა პარლამენტში ხელახლა წარადგენს.

დღის ამბები