21 მაისი 2024,   00:13
ვრცლად
იმდენად ეშინიათ სიმართლის, არგუმენტებს კი არ იშველიებენ - ადგნენ და რამდენიმე ასეული ადამიანი არეპორტებს სიმართლეს - მამუკა მდინარაძე facebook-ის ბანერების დაბლოკვაზე

"ერთ დღეში რამდენიმე ათასი ბანერის დაბლოკვა, რომელზეც სიმართლე იყო დატანილი და არგუმენტების არ წარმოდგენა ნიშნავს იმას, რომ "ნაცმოძრაობის" მეთოდები ისევ ძალაშია. ქვეყნის შიგნით აღმოიფხვრა და ახლა ქვეყნის გარედან დარჩა. ამაში რამდენი ფული იხარჯება, ამას ცალკე დაადგენს ქართული საზოგადოება,"- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ facebook-ის საინფორმაციო ბანერების დაბლოკვასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, საქართველოდან facebook-ის ერთ-ერთი მთავარი კონტრაქტორი სერგი კაპანაძის ორგანიზაციაა.

"რამდენიმე ათასი ბანერი დაიბლოკა, რომელიც იყო საპასუხო იმ ცრუ კამპანიის, რომელსაც აწარმოებს "ნაცმოძრაობა" და NGO სექტორის ის რადიკალური ნაწილი, რომელმაც შარშან საუკუნის აფერა დადგა. წელს უკვე აღარ გასდით და არიან სასოწარკვეთილებაში.

რამდენიმე ათასის დაბლოკვა პასუხზე და პასუხის პასუხის არ გაცემა იცით რას ნიშნავს? იმდენად ეშინიათ სიმართლის, არგუმენტებს კი არ იშველიებენ - ადგნენ და რამდენიმე ასეული ადამიანი არეპორტებს სიმართლეს. ასე არეპორტებდნენ ისინი სიმართლეს მაშინ, როდესაც ცვივდებოდნენ სხვადასხვა ტელევიზიებში "ნაცმოძრაობის" დროს, ასე ბლოკავდნენ ისინი სიმართლეს, როდესაც ძალა ჰქონდათ. ახლა მათ ქვეყნის შიგნით ძალა არ გააჩნიათ.

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ერთი უნდა ვთქვათ, რომ სერგი კაპანაძის ორგანიზაცია არის საქართველოდან facebook-ის ერთ-ერთი მთავარი კონტრაქტორი. 

"გლობალური ომის პარტიას" რომ ვახსენებთ ხოლმე, ირონიული ღიმილი გვეგებება ცალკეული ადამიანების მხრიდან და ამ დროს, ერთ დღეში რამდენიმე ათასი ბანერის დაბლოკვა, რომელზეც სიმართლე იყო დატანილი და არგუმენტების არ წარმოდგენა ნიშნავს იმას, რომ "ნაცმოძრაობის" მეთოდები ისევ ძალაშია. ქვეყნის შიგნით აღმოიფხვრა და ახლა ქვეყნის გარედან დარჩა. ამაში რამდენი ფული იხარჯება, ამას ცალკე დაადგენს ქართული საზოგადოება და სახელმწიფო. სიმართლეს წინ ვერაფერი აღუდგება, რაც არ უნდა არეპორტონ, დაბლოკონ და ებრძოლონ,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები