18 მაისი 2024,   16:13
ვრცლად
მსოფლიომ უნდა იგრძნოს ის ტკივილი, რომელსაც რუსი ტერორისტები აყენებენ უკრაინულ დასახლებებს - ზელენსკი

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. საოკუპაციო ძალებმა ჩერნიგოვის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის და დონეცკის ოლქები დაბომბეს. ჩერნიგოვში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, ასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. იერიში იყო სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზეც. დაშავდა ერთი ადამიანი.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, დრონის აფეთქებამ მთავარი ბირთვული რეაქტორის დამცავი გარსი დააზიანა. იერიშების დროს დაშავდა სამი ადამიანი.

ფრონტის ხაზზე მიმდინარე ვითარებაზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმაც. 

"სამხედროებთან განვიხილეთ ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაცია და რუსეთის თავდასხმები ჩვენს ქვეყანაზე. განსაკუთრებული ყურადღება, რა თქმა უნდა, ხარკოვს დაეთმო. ქალაქში ძალიან რთული ვითარებაა. ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობებს, რომ ხარკოვს მივცეთ მეტი საჰაერო თავდაცვა და ეს არის ამოცანა როგორც სამხედროებისთვის, ასევე უკრაინის ყველა დიპლომატისთვის - ყველასთვის, ვინც პასუხისმგებელია საერთაშორისო კომუნიკაციაზე, ვინც უნდა აწარმოოს ყოველდღიური დიალოგი პარტნიორებთან.

მსოფლიომ უნდა იგრძნოს ის ტკივილი, რომელსაც რუსი ტერორისტები აყენებენ უკრაინულ დასახლებებს. მსოფლიოში არის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ დახმარება. მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო ამ სისტემების უკრაინისთვის გადაცემისთვის," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

დღის ამბები