18 მაისი 2024,   13:44
ვრცლად
გაუპატიურება, ელექტროშოკი და კასტრაციის საფრთხე: როგორ აწამეს მართლმადიდებელი მღვდელი და კიდევ სამი უკრაინელი მამაკაცი რუსებმა

"კრიმინალისა და კორუფციის გაშუქების პროექტი" უკრაინაში ოკუპანტების მიერ დატყვევებული მამაკაცების ინტერვიუებს აქვეყნებს, სადაც რესპონდენტები წამების გაუსაძლის მეთოდებზე საუბრობენ. ოთხ უკრაინელ მამაკაცს შორის ერთ-ერთი მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვარია, რომელიც რუსმა სამხედროებმა გააშიშვლეს და ხელკეტებით მის გაუპატიურებას ცდილობდნენ.

სერხი ჩუდინოვიჩი

როდესაც 2022 წელს ხერსონის რეგიონი რუსებმა დაიპყრეს, სერხი ჩუდინოვიჩის ეკლესია რეგიონის დედაქალაქში წინააღმდეგობის მთავარ პუნქტად იქცა.

"ეკლესია გადაიქცა ყველაფრის გაცვლის ადგილად: საკვები, მომსახურება, მედიკამენტები, საწვავი", - ამბობს ჩუდინოვიჩი და იქვე განმარტავს - „ეკლესიაში იარაღი არ მქონდა და არც არასდროს მექნებოდა. მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც მათ ძალიან საშიშად მიაჩნიათ. ეს არის მოტივაცია უკრაინელი ჯარისკაცებისთვის“.

ის ეკლესიიდან წაიყვანეს კაცებმა, რომლებმაც მრევლს უთხრეს, რომ "ახალი პოლიციიდან" იყვნენ და მოძღვართან მხოლოდ 40-წუთიანი გასაუბრება სურდათ. ოკუპანტებმა მღვდელი ხერსონის ლუტერანსკის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს.

თავდაპირველად, მას სთხოვდნენ გამოეყენებინა თავისი ავტორიტეტი, რათა ადგილობრივი საზოგადოების აზრი რუსების სასარგებლოდ შემოეტრიალებინა. ამ მიზნით, აიძულებდნენ პროპაგანდისტული ვიდეოს ჩაწერასაც.
"ვუთხარი, ასეთი ვიდეო რომც ჩავწერო, არავინ დაიჯერებს. შესაძლოა, ეს არ უნდა მეთქვა. ამის შემდეგ ჩემდამი მოპყრობა უფრო გამკაცრდა", - ყვება სასულიერო პირი.

რუსებმა მღვდელი სასტიკად სცემეს. შემდეგ გააშიშვლეს და ხელკეტებით მისი გაუპატიურება სცადეს.

"წყალს რომ ვითხოვდი - არაყს მაძლევდნენ. პირი გამაღებინეს და ხუთლიტრიანი კონტეინერიდან მასხამდნენ ალკოჰოლს. მე ვიდექი სრულიად შიშველი, მათ აიღეს ხელკეტი და ანუსში შერჭმა სცადეს. ვყვიროდი, ცრემლები მომდიოდა. კინაღამ თავისი ჩანაფიქრი განახორციელეს, როცა ერთ-ერთმა მოასწრო ეკითხა: "თანამშრომლობის ფურცელს მოაწერ ხელს?" მე ვუთხარი, დიახ, დიახ, მოვაწერ ხელს", - ამბობს მოძღვარი.

გათავისუფლებამდე ოკუპანტებმა აიძულეს ჩუდინოვიჩს ჩაეწერა პროპაგანდისტული ვიდეო, სადაც იგი ამბობს, რომ ნებით შეხვდა რუსებს და არ განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

ვიქტორ სოლდატოვი

როცა რუსმა ჯარისკაცებმა დაკითხვაზე წაიყვანეს, ვიქტორ სოლდატოვს უთხრეს, რომ მალე სახლში დაბრუნების უფლებას მისცემდნენ.

ცხრა თვის შემდეგ ის გაათავისუფლეს, მანამდე კი კაცმა სასტიკი წამების შედეგად, თვითმკვლელობაც სცადა.

"მაგიდაზე დამაგდეს. ოთხმა დამიჭირა - ორმა ხელებით, ორმა ფეხებით. შორტი გამაძრეს და დუნდულების გაწევა დაიწყეს, არ ვიცი, რეზინის ხელკეტით ან რაღაცით. ისეთ საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, რომ აღარაფერი მესმოდა", - ჰყვება სოლდატოვი.

"იცით, რას ვაპირებთ? ჩვენ ყველანი ერთად და თითოეული ცალ-ცალკე?", - ეუბნებოდნენ ოკუპანტები.

სოლდატოვი, რომელიც სამხრეთ უკრაინის ქალაქ ხერსონში სამშენებლო ქარხნის IT ადმინისტრატორი იყო, დააკავეს 2022 წლის აგვისტოში, რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ომის პირველ კვირებში რუსების ელვისებურმა წინსვლამ რეგიონის დიდი ნაწილი ოკუპანტების კონტროლის ქვეშ მოაქცია.

მას ბოლომდე არ ესმის, რატომ გახდა წამების სამიზნე. მისი თქმით, დაკითხვები უფრო მეტად ორიენტირებული იყო მის წამებაზე, ვიდრე ინფორმაციის მოპოვებაზე.

"მათ არ აინტერესებდათ ჩემი პასუხები კითხვებზე", - ამბობს ვიქტორ სოლდატოვი და აგრძელებს - "რაც არ უნდა მეპასუხა, ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია შედეგზე. ერთადერთი, რაც მათ აინტერესებდათ თავად პროცესი იყო".

ოლეგი, 33 წლის

33 წლის მეწარმე ვინაობის გამჟღავნებას ერიდება, თუმცა ჰყვება, რომ ოკუპანტების ხელში 17-დღიანი წამება გამოიარა. ოლეგმა რუსების ყურადღება თავისი პრო-უკრაინული აქტიურობით მიიპყრო. როგორც ადგილობრივი კაფეს მფლობელმა, მან წყალი და სხვა მარაგი მიაწოდა მსვლელობის მონაწილეებს, რომლებიც აპროტესტებდნენ საოკუპაციო ძალების "რუსიფიკაციის" მცდელობებს ხერსონის რეგიონში. ერთ დღესაც რუსმა ჯარისკაცებმა ის კაფედან გაიტაცეს.

გამტაცებლები ოლეგისგან მოითხოვდნენ, დაესახელებინა ანტირუსული დემონსტრაციების ორგანიზატორების ვინაობა.

”მე ვყვიროდი - არავის ვიცნობ-თქო და ნამდვილად არ ვიცნობდი", - ამბობს ის - "ვთხოვე, სახლში გავეშვი, რადგან პატარა შვილი მყავდა. და მე ვთხოვე, რომ გამოსასყიდად დაეტოვებინათ ჩემი მანქანა".

რუსებმა მას საბანკო ბარათი უპოვეს, რომელსაც ეწერა - "დამზადებულია აშშ-ში". ამან ოკუპანტები "დაარწმუნა", რომ ოლეგი იყო ჯაშუშური ქსელის ნაწილი. "რამდენიმე დღის განმავლობაში მიწევდა მათთვის ახსნა, თუ როგორ მუშაობს საბანკო გადახდები ტერმინალის საშუალებით", - იხსენებს ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული მამაკაცი.

იმავდროულად, ისინი განუწყვეტლივ ემუქრებოდნენ ოლეგის ოჯახით და ამბობდნენ, რომ გააუპატიურებდნენ ცოლს მის თვალწინ, თუ ის არ გაამჟღავნებდა პროტესტის ორგანიზატორთა გვარებს. "ისინი იმუქრებოდნენ, რომ ჩემს პატარა შვილს მდინარე დნეპროში ჩააგდებდნენ. ან რუსულ ბავშვთა სახლში გამოკეტავდნენ", - ამბობს ოლეგი.

ერთ დღეს, როგორც ოლეგი ამბობს, საათნახევრის განმავლობაში აწამებდნენ სასქესო ორგანოზე ელექტროშოკის გამოყენებით.

"ისინი ნამდვილად არ სვამდნენ კითხვებს, უბრალოდ მაწამებდნენ", - ამბობს ის - "და მერე გადამაგდეს სკამიდან. ჯერ კიდევ შიშველი, მაგიდაზე დამაგდეს. შემდეგ დაუძახეს ერთ-ერთ ტერორისტს, რომელსაც "გარყვნილს" ეძახდნენ. ის ოთახში შემოფრინდა, ეს მართლაც ექსცენტრიული, უხეში მამაკაცი... ის მომმართავდა, როგორც "თავისი მეძავი" და მსგავსი რამ... და მან სცადა ჩემი გაუპატიურება. სასქესო ორგანოს ჩემს დუნდულებზე დემონსტრირებით, ცდილობდა მსგავს რაღაცებს. ამ ყველაფერს სიცილი მოჰყვა. მისი და ყველა იქ მყოფების მხრიდან. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ის ცდილობდა ამის გაკეთებას. შემდეგ კი გაბრაზდა, რომ ამის გაკეთება არ შეეძლო. და მხოლოდ დუნდულებზე, სასქესო ორგანოზე დამიწყო წიხლით ცემა, მთელი სხეული შავი სისხლჩაქცევებით მქონდა დაფარული".

შემდეგ, ოლეგი ამბობს, რომ მისმა მოძალადემ ბურთულიანი კალამი აიღო, ჩაარჭო ანუსში და ფეხით მიაწვა - "ამის შემდეგ მაგიდიდან გადმომაგდეს და ჩემს საკანში შემათრიეს".

პატიმრობის მეჩვიდმეტე დღეს ოლეგი გაათავისუფლეს: რამდენიმე მეგობრის რჩევის გათვალისწინებით, მისმა მეუღლემ მის დამპყრობლებს შესთავაზა 100,000 უკრაინული გრივნა ($2,700), რათა გაეშვათ. ისიც იძულებული გახდა გადაეღო პროპაგანდისტული ვიდეო გათავისუფლებამდე.

"მათ ფსიქოლოგიურად გამანადგურეს და მე მაინც ვერ ვიქნები ისეთი, როგორიც ვიყავი", - ამბობს ის - "მე გამუდმებით მესიზმრება კოშმარები, სადაც ფორმიანი და ნიღბიანი ადამიანები მომდევენ".

მან თავისი მძიმე ისტორიის ფართო აუდიტორიისთვის გაზიარების რამდენიმე მიზეზი დაასახელა: პირველი, რომ მას სურს დამნაშავეების დასჯა. მეორე, მას სურს, რომ მსოფლიომ იცოდეს, რა ხდება რუსეთის ოკუპაციის პირობებში.

"და კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მე ასე დეტალურად ვყვები იმას, რაც დამემართა: მინდა სხვებმაც, ვინც ასევე განიცადეს მსგავსი რამ… ასევე ისაუბრონ. იმიტომ, რომ ეს ჩვენს ხმას აძლიერებს", - ამბობს ოლეგი.

დღის ამბები