20 მაისი 2024,   19:01
ვრცლად
ის, რომ სამართლებრივ ასპარეზზე რუსეთი დამარცხდა საქართველოსთან, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისია - თეონა აქუბარდია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ის, რომ სამართლებრივ ასპარეზზე რუსეთი დამარცხდა საქართველოსთან, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ - არასაკმარისი.

მისი თქმით, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ოპერაციას აგრძელებს და რუსეთთან ბრძოლა არა მხოლოდ სტრასბურგში, არამედ გლობალურად უნდა მოხდეს.

"ის, რომ სამართლებრივ ასპარეზზე რუსეთი დამარცხდა საქართველოსთან, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისია. ამ მოცემულობაში, რუსეთი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ოპერაციას და ჩვენ უნდა მოვიგოთ რუსეთთან ბრძოლა არა მხოლოდ სტრასბურგში, არამედ გლობალურად, რათა რუსეთის გავლენები საქართველოში არ განმტკიცდეს", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტების” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, სტრასბურგის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას.

"ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას, საოკუპაციო ზოლის გადმოწევას, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს. გარდა პოლიტიკური რეაგირებისა და საერთაშორისო პოლიტიკური დაგმობისა, ამ პროცესს აქვს სამართლებრივი საფუძველი", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, საქართველომ რუსეთს კიდევ ერთი საქმე მოუგო - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ევროკონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა. სტრასბურგმა თქვა, რომ რუსეთმა უგულებელყო სიცოცხლის უფლება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, საკუთრების უფლების დაცვა, განათლების უფლება და გადაადგილების თავისუფლება.

დღის ამბები