14 მაისი 2024,   08:56
ვრცლად
მაიკ ჯონსონმა "რესპუბლიკელების" ზეწოლის მიუხედავად, ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - რაში დაიხარჯება ამერიკული დახმარება უკრაინაში

ჯო ბაიდენმა კიევს შორი მოქმედების ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები საიდუმლოდ გაუგზავნა, რომელიც უკრაინამ უკვე გამოიყენა.

დახმარების პაკეტი თვეები, რამდენიმე "რესპუბლიკელი" კონგრესმენის წინააღმდეგობის გამო ვერ მტკიცდებოდა, თუმცა, საბოლოოდ დახმარების კანონპროექტი კენჭისყრაზე ისევ "რესპუბლიკელმა" სპიკერმა გაიტანა და საკუთარი კარიერაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მაიკ ჯონსონმა "მაგას" "რესპუბლიკელების" ზეწოლის მიუხედავად, ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც არის გამორიცხული თანაპარტიელებმა მისი გადაყენება მოითხოვენ.

ექვსთვიანი ყოყმანის შემდეგ გადადგმულმა მისმა ნაბიჯმა, უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დახმარების კანონი კენჭისყრაზე გაეტანა, ამ უმნიშვნელოვანესი დახმარების დამტკიცება უზრუნველყო და სპიკერის გარშემო, ადგილობრივი და საერთაშორისო ზეწოლაც მოხსნა. ბაიდენს დავალებული ჰქონდა მისი გუნდისთვის, გამოეყენებინათ ყველა შესაძლებლობა, რათა უკრაინის დახმარების შეწყვეტასა და პუტინის წარმატებაზე, პასუხისმგებლობა უშუალოდ სპიკერზე ყოფილიყო და არა რესპუბლიკელების გუნდის რომელიმე ნაწილზე. თეთრი სახლის ტაქტიკამ, შეხვედრებმა, სატელეფონო ზარებმა და არაერთმა გაფრთხილებამ შედეგი გამოიღო და ბაიდენის გუნდმაც მიანიშნა, რომ ჯონსონის თანხმობით, ამერიკამ დემოკრატის გამოცდა ჩააბარა.

კანონის მიღების ეფექტი მომენტალური იყო. ბაიდენმა სასწრაფოდ დაამტკიცა კიევისთვის პირველი მილიარდი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიარაღების მიწოდებაც დაუყოვნებლივ დაიწყო. მათ შორის არის სამხედრო მანქანები, სტინგერების საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა, დამატებითი მასალები მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა ჰაიმარსებისთვის. მძიმე ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების და ჯაველინების საბრძოლო მასალა. ასევე სხვა შეიარაღება, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში დაუყოვნებლივ ერთვება. შეიარაღების მარაგების შესავსებად ამერიკა დაახლოებით 23 მილიარდის დახარჯვას ვარაუდობს. 11 მილიარდი, რეგიონში ამერიკის აქტივობებს, მათ შორის, უკრაინის სამხედრო ძალების საწვრთნელ ოპერაციებს მოხმარდება. პაკეტიდან 9 მილიარდი კი ეკონომიკური დახმარების სესხია, რომელიც შეიძლება უკრაინას ჩამოეწეროს. ბაიდენი კმაყოფილებას ვერ მალავს, კიევი კი კონგრესის დებატებში დაკარგული 6 თვის ანაზღაურების პირობას
დებს.

ვაშინგტონის სამხედრო დახმარებას ფეხდაფეხ მიჰყვა საზენიტო სარაკეტო კომპლექსი "პეტრიოტი," რომელსაც კიევს გერმანია გადასცემს. ალიანსის წევრ ევროპულ სახელმწიფოებს შორის, უკრაინის დახმარებაში, გერმანია ყველაზე დიდი წვლილის შემტანია.

უსაფრთხოების პაკეტიდან "ჰამასთან" ომში მყოფი ისრაელის საჭიროებისთვის 26 მილიარდზე მეტი დამტკიცდა. 4 მილიარდი, ამ თანხიდან, უშუალოდ ისრაელის სარაკეტო თავდაცვითი სისტემების შესავსებად მიემართება. მილიარდი კი ღაზის ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რაც 41 კილომეტრის სიგრძის და 10 კილომეტრი სიგანის სექტორის დასახმარებლად მნიშვნელოვანი თანხაა. ბაიდენი, რომელსაც ბოლო კვირებში ნეთანიაჰუსთან ურთიერთობა დაეძაბა და მას ამერიკის პოლიტიკის გადახედვითაც დაემუქრა, კანონის მიღების შემდეგ იმეორებს, რომ ვაშინგტონის მხარდაჭერა ისრაელის მიმართ ურყევია. ამასთან აფრთხილებს ისრაელს, დახმარება ღაზაში შეუფერხებლად ჩავიდეს.

95-მილიარდიანი პაკეტიდან ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, ამერიკის პარტნიორები, ჩინეთის საფრთხის საწინააღმდეგოდ, 8 მილიარდ დოლარს იღებენ. აქედან 3 მილიარდზე მეტი წყალქვეშა ნავების ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. 2 მილიარდამდე კი ამერიკული შეიარაღების შევსებას ტაივანისა და რეგიონის სხვა მოკავშირეებისთვის.ნახევარი წლის განმავლობაში, ვიდრე კონგრესის პალატებში კიევის სამხედრო დახმარებაზე კამათობდნენ, ადმინისტრაციას უკრაინა უპატრონოდ არ დაუტოვებია. ბაიდენმა კიევს საიდუმლოდ გაუგზავნა შორი მოქმედების ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები, ეგრეთწოდებული "ატაკამსი," რომელიც უკრაინელებმა ყირიმში რუსული ბაზის წინააღმდეგ უკვე გამოიყენეს. ეს შეიარაღება პრეზიდენტის მიერ 12 მარტს ვიზირებული დახმარების პაკეტის ნაწილი იყო. ვაშინგტონს გაფრთხილებული ჰყავდა მოსკოვი, რომ თუკი უკრაინაში ბალისტიკურ რაკეტებს გამოიყენებდა, უკრაინა მსგავსი სიმძლავრის შეიარაღებას მიიღებდა. ბაიდენმა ეს პირობა შეასრულა. ისევე როგორც უკრაინელებისთვის მიცემული სიტყვა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რათა კიევს ამერიკული სამხედრო დახმარება მიეღო.

 

დღის ამბები