15 მაისი 2024,   03:17
ვრცლად
მკურნალობა სიცილის თერაპიით - ფეთჩ ადამსი, ექიმი, რომელმაც მკურნალობის უნიკალურ მეთოდს მიაგონო და ამერიკელი კინორეჟისორების ინსპირაცია გახდა

შეხება, მზერა, ღიმილი, თამაში და რაც მთავარია სიყვარული - ეს ჯამბაზის ფორმაში გამოწყობილი ექიმის, ლეგენდარული ფეთჩ ადამსის ჯადოსნური რეცეპტია, რეცეპტი, რომელიც არა სხეულს, არამედ სულს კურნავს.

"მე უფასო ექიმი ვარ, ყველას ვმკურნალობ უკვე 60 წელია. დავდივარ ქვეყნებში, ვხვდები პაციენტებს, ვუსმენ მათ და სიყვარულს გავცემ. მთავარი სიყვარულია. ადამიანი მხოლოდ მედიკამენტებით არ იკურნება, მას სიყვარული, თანაგრძნობა და მზრუნველობა სჭირდება. ჩემი მთავარი მიზანი ახლა უფასო საავადმყოფოს აშენებაა, სადაც პაციენტებთან ერთად ვიცხოვრებ და მათ მოვუვლი," - ამბობს ფეთჩ ადამსი.

78 წლის ფეთჩი, თითქმის 60 წელია, რაც სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს და მძიმე დაავადების მქონე დიდებს თუ პატარებს მკურნალობის რთული გზის, ცოტა ხნით მაინც შემსუბუქებაში ასე ეხმარება. მსოფლიო ტურნეს 84-ე გაჩერება საქართველოა- ციცინათელების ქვეყანა- ჰოსპისი, სადაც უკურნებელი დაავადებების მქონე ბავშვები არიან.

ამ მიზნამდე იყო რთული გზა, ბავშვობის ტრავმები, ძალადობა და ფსიქიატრიული კლინიკაც, თუმცა ფეთჩმა ყველაფერი გადალახა და, როგორც თავად ამბობს, სიყვარულის რევოლუციონერი გახდა.

ღიმილი ექიმი ჯამბაზებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ შესაძლოა პაციენტს ხშირად არც ეღიმებოდეს. ჯამბაზის ენა კი საუკეთესო გზაა, რომ ადამიანი გაიხსნას, გათავისუფლდეს და თავი ბედნიერად იგრძნოს, თუნდაც ტირილის დროს.

ფეთჩისნაირი ექიმი ჯამბაზები უკვე 2 წელია რაც საქართველოსაც ჰყავს. ფონდი "სიცილით თერაპია," - ექიმი ადამსისა და მასზე გადაღებული ფილმის ინსპირაციით შეიქმნა. სწორედ ამ ფილმის წყალობით გაიცნო მსოფლიომ მკურნალი ფეთჩის ისტორია 26 წლის წინ. მთავარ როლს ჰოლივუდის ოსკაროსანი მსახიობი რობინ ვილიამსი ასრულებს, ნამდვილ ფეთჩს თავისი გმირის საშემსრულებლო მანერა მოსწონს, მაგრამ თავად ფილმით უკმაყოფილოა აქვს მიზეზებიც.

"მე ვფიქრობ რომ ფილმის სამყარო კოშმარია, და ტყუილებით სავსე. ისინი მე დამპირდნენ, რომ ფილმის გადაღების შემდეგ ფინანსურად დამეხმარებოდნენ საავადმყოფოს აშენებაში მაგრამ ერთი თეთრიც არ მომცეს. ჩემს ცხოვრებაში ბევრი დაპირება მიმიღია მაგრამ 90 პროცენტი არ შესრულდა," - ამბობს ფეთჩ ადამსი.

ბევრი იმედგაცრუების მიუხედავად, სიყვარულის უნარი და მომავლის იმედი არ დაუკარგავს და ზუსტად იცის თუ როგორი უნდა რომ იყოს მსოფლიო მომავალში.

 ავტორი: ნანა გოგატაძე.

 

 

 

 

დღის ამბები